თეა წულუკიანი - მთავარია, ექიმები ერთ კონკრეტულ აზრზე ჩამოყალიბდნენ, პენიტენციურ სამსახურში მედიკოსთა აზრების გათვალისწინების პრობლემა არასდროს ყოფილა, დარწმუნებული ვარ, არც ამ შემთხვევაში იქნება
თეა წულუკიანი - მთავარია, ექიმები ერთ კონკრეტულ აზრზე ჩამოყალიბდნენ, პენიტენციურ სამსახურში მედიკოსთა აზრების გათვალისწინების პრობლემა არასდროს ყოფილა, დარწმუნებული ვარ, არც ამ შემთხვევაში იქნება

რაც უფრო მალე შევწყვეტთ სამედიცინო თემებზე საუბარს, მით უფრო კარგად იქნება დაცული ამა თუ იმ პატიმრის ინტერესი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სახალხო დამცველთან მოქმედ მედიკოსთა ჯგუფის გადაწყვეტილებაზე, ენდობა თუ არა მათ დასკვნას და მოხდება თუ არა ექიმების გადაწყვეტილების გათვალისწინება.

წულუკიანის თქმით, მთავარია, თავად მედიკოსები, კონსილიუმად ჩამოყალიბებული ჯგუფები, ყველა ის ექიმი, რომელიც არის მართვაში ჩართული, ერთ კონკრეტულ აზრზე ჩამოყალიბდნენ, პენიტენციურ სამსახურში კი მედიკოსთა აზრების გათვალისწინების პრობლემა არასდროს ყოფილა.

„შევეცადე, ბევრჯერ მეთქვა, გუშინაც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ოპოზიცია იქნება, თუ ჩემნაირი პოლიტიკოსები, რაც უფრო მალე შევწყვეტთ სამედიცინო თემებზე საუბარს, მით უფრო კარგად იქნება დაცული ამა თუ იმ პატიმრის ინტერესი. ვინაიდან ჯანმრთელობა არის სამედიცინო საკითხი და არა პოლიტიკური, შესაბამისად, ყველა ის ექიმი, რომელიც არის ამა თუ იმ პატიმრის და ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტული პატიმრის, როგორც პაციენტის მართვაში ჩართული, შეიძლება, თანხმდებოდეს, შეიძლება, ვერ თანხმდებოდეს. ამისთვისაც არის სწორედ კონსილიუმი.

თუკი შემდეგ კონსილიუმად ჩამოყალიბებულ ჯგუფებს შორის აღმოჩნდება განსხვავებები, და მთავარია, რომ ექიმები, მედიკოსები ჩამოყალიბდნენ ერთ რომელიმე აზრთან დაკავშირებით, მე, როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ყოველთვის პატიმრის, როგორც პაციენტის მართვაში, ექიმების აზრს ვუწევდი ანგარიშს, უფრო მეტიც, სახელმძღვანელოდაც ვიღებდი. ამ შემთხვევაშიც, დარწმუნებული ვარ, პენიტენციური სამსახურისთვის ასე იქნება. მთავარია, რომ თავად ექიმები, თუკი სხვადასხვა ჯგუფს შორის განსხვავებული აზრები არსებობს, ერთ კონკრეტულ აზრზე ჩამოყალიბდნენ. არასოდეს პენიტენციურ სამსახურში არ ყოფილა პრობლემა, რომ მედიკოსების აზრები გათვალისწინებული ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, არც ამ შემთხვევაში იქნება.

აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და რუსთავის მე-18 დაწესებულების თანამშრომლებს გამოვუცხადებ დიდ მხარდაჭერას, ასევე ყველა იმ კონტროლიორ ინსპექტორს, ესკორტის ოფიცერს, სამედიცინო პერსონალს, მედიკოსს, მათ შორის მათ, ვინც მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის და პაციენტის მართვაში იღებს მონაწილეობას, რადგან ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ასევე მის უფლებას ზედმიწევნით იცავენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა გუშინ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.