თეა წულუკიანი - მთავარი, რისკენაც ახლა ქვემეხი მიიმართა, არის ეკლესია და პატრიარქი
თეა წულუკიანი - მთავარი, რისკენაც ახლა ქვემეხი მიიმართა, არის ეკლესია და პატრიარქი

მთავარი, რისკენაც ახლა ქვემეხი მიიმართა, არის ეკლესია და პატრიარქი, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ეს აღიზიანებს ამ ქვეყნის საზოგადოების დიდ უმრავლესობას და ეს იწვევს ასეთი დონის აგრესიას ამ უმრავლესობის დაჯგუფებებში, რომელიც, ღმერთს მადლობა, უმცირესობაში არიან. რა თქმა უნდა, ძალადობა ხელისუფლების მიერ უნდა იქნას დასჯილი და ეს ასე იქნება. უბრალოდ, ეს იმხელა პრობლემებია, რომ ამას მარტო მთავრობა ვერ გაწვდება. ვიძახოთ მთავრობა-მთავრობა და ვიყოთ ასე. მთავრობა, რასაც შეუძლია, გააკეთებს, ამის გარანტიას გაძლევთ, მაგრამ თქვენ, მედია, რას გააკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში თანხმობა მოხდეს?“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ახლა მოდაში ხელების გადაგრეხვაა და „ქართულ ოცნებას“ ყველამ ძალიან ბევრჯერ გადაუგრიხა ხელები. 

„ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ, რომ ხელისუფლებაა, ხელები ყველას გადააგრეხინა, ვისაც არ შეეზარა – 8 მარტის შეთანხმება, შეწყალებები, შარლ მიშელის დოკუმენტი. „ქართულ ოცნებას“ ჰგონია და თქვენც ამას უყიჟინებდით, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და რომ არ შესულიყო რა, ზოგიერთის იქ ყოფნას რა ფასი აქვს?! ზოგიერთის, თორემ სხვა ცდილობს, პოლიტიკა აკეთოს იმ აურზაურში, რაც იქ ხდება“, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება, იმაზეც კი წავიდა, რომ ვიღაცებს ხელები გადააგრეხინა, თორემ მისთვის, როგორც ერთი პარტიისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტი პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო.

„ქართული ოცნება“, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება, იმაზეც კი წავიდა, რომ ვიღაცებს ხელები გადააგრეხინა, თორემ პოლიტიკურად, „ქართული ოცნებისთვის“ თქვენ მომგებიანი გგონიათ შარლ მიშელის დიადი დოკუმენტი? არა. პოლიტიკურად, ეს ჩვენთვის, ერთი პარტიისთვის, წამგებიანია, მაგრამ ხელი მოვაწერეთ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ვართ. რატომ? – იმიტომ, რომ ხელისუფლებაში რომ ხარ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს, მაგრამ არ მშვიდდებიან, სიტუაცია არ მშვიდდება და მივდივართ იქამდე, რაც მე მაინც ჯიუტად მგონია მთავარი – როდესაც ქართველ ერს რაღაცას ეუბნები, ამ ქვეყნის შვილი ხარ, ხელისუფალი თუ ფასილიტატორი, იმ ერს კარგად უნდა იცნობდე. ასეთი დოკუმენტებით, რაც უნდა კარგი დოკუმენტები იყოს, სამწუხაროდ, ქვეყანაში თანხმობა არ მყარდება. თუმცა, ალბათ, ეს აუცილებელი იყო“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ვარდები აღარ იქნება, მაგრამ არჩევნებით, შესაძლებელია, საზოგადოებამ ეს ხელისუფლება გაისტუმროს.