თეა წულუკიანი - მომავალ თაობებს უნდა გადავაბაროთ სახელმწიფო, სადაც კანონი კანონობს და დესტრუქციული პარტიის ოფისში მისული რომელიღაც უცხოელი დეპუტატის უპასუხისმგებლო განცხადებებით არ იმართება
თეა წულუკიანი - მომავალ თაობებს უნდა გადავაბაროთ სახელმწიფო, სადაც კანონი კანონობს და დესტრუქციული პარტიის ოფისში მისული რომელიღაც უცხოელი დეპუტატის უპასუხისმგებლო განცხადებებით არ იმართება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ქვეყანა დაზიანდება იმით, თუ სასამართლო გადაწყვეტილებები არ აღსრულდება.

წულუკიანის თქმით, მომავალ თაობებს უნდა გადააბარონ ისეთი სახელმწიფო, სადაც კანონი კანონობს.

„ვინ ზიანდება იმით, თუკი საქართველოში არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებები და ის არ აღსრულდება, რადგან მავანს ასე ჰგონია სწორი. რა თქმა უნდა, ამით ზიანდება ქვეყანა. ჩვენ დღეს ვართ ხელისუფლებაში, ხვალ ხელისუფლებაში არ ვიქნებით, მაგრამ მომავალ თაობებს უნდა გადავაბაროთ ისეთი სახელმწიფო, სადაც კანონი კანონობს და „ნაციონალური მოძრაობის“ ან რომელიღაც უპასუხისმგებლო სხვა დესტრუქციული პოლიტიკური პარტიის ოფისში მისული რომელიღაცა უცხოელი დეპუტატის უპასუხისმგებლო განცხადებების მიხედვით არ იმართება ქვეყანა.

ამის მართვა ყოველთვის მარტივი არ არის. ჩემს განცხადებაში გავიხსენე რვაწლიანი პერიოდი, როდესაც ვმართავდი იმ დიდ სისტემას, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ჰქვია, რომლის ნაწილიც ჯერ იყო პროკურატურა, შემდეგ პენიტენციური სისტემა, ჩვენ გვებარა ძალიან ბევრი სხვადასხვა რეფორმა სამართალდამცველთა და მართლმსაჯულების სფეროში. ჩვენ ვხედავდით მუდმივად, რომ დამნაშავე პოლიტიკურ ძალას ჰყავდა გულშემატკივრები და მე ყოველთვის მიფიქრია, რომ ნაწილი ამ გულშემატკივრების ან საქართველოს და ქართველ ხალხს კარგად კვლავ არ იცნობს, ამიტომ აკეთებენ ზედაპირულ განცხადებებს, ან კიდევ უბრალოდ მათი მეგობრები არიან. ასეთი იყო მაგილითად პედრო აგრამუნტი, რომელიც პირდაპირ გვადანაშაულებდა მაშინ იუსტიციის სამინისტროს და სხვა უწყებებს ვანო მერაბიშვილის უკანონო დევნაში. შემდეგ ვნახეთ, პედრო აგრამუნტმა როგორც დაასრულა საკუთარი ევროპული კარიერა. ეს არის გასავლელი გზა, რომელიც მყარად და პრინციპულად უნდა გავიაროთ, რათა არავის ეგონოს, რომ შეიძლება საქართველოში პატიმარი აწამო, ბიზნესმენს ქონება წაართვა, შემდეგ ჩაერთვები  პოლიტიკურ პროცესში და ამით იქნები დაცული, ეს იქნება იმუნიტეტი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.