თეა წულუკიანი – მობილიზება გვექნება, რომ გიორგი გახარიას პიროვნული პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს ჩვენი კომიტეტისგან და ჩემგან, როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრისგან

16:48, 14.12.2020

ყველანაირი შესაძლებლობის მობილიზება გვექნება, რომ გიორგი გახარიას პიროვნული პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს კომიტეტისგან და ჩემგან, როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრისგან, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ძალიან მიხარია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია გიორგი გახარია. მრავალი კვირის წინ ღიად განვაცხადეთ, რომ გიორგი გახარია იქნებოდა არა მხოლოდ პრემიერობის კანდიდატი, არამედ პრემიერი და დღეს, ეს დადასტურდა კიდეც. როგორც მის ვიცე-პრემიერს და ახლა უკვე დეპუტატს, ყველანაირი შესაძლებლობის მობილიზება გვექნება ჩვენს კომიტეტში, რომ მას პიროვნული პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს კომიტეტისგან და ჩემგან, როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრისგან“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ იქნება იუსტიცის მინისტრი, წულუკიანი პასუხობს:

„ამ საკითხზე რაიმე რჩევა თუ მაქვს, არ გეწყინებათ და თქვენი საშუალებით ამ რჩევებს არ გავახმოვანებ“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დღეს წარუდგინა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გიორგი კახიანის განცხადებით, პარლამენტში მთავრობის წევრთა შემადგენლობის წარდგენამდე, უმრავლესობაში კონსულტაციები გაიმართება. მისივე თქმით, მინისტრობის კანდიდატების დასახელება პრემიერ-მინისტრის კანდიდატის, გიორგი გახარიას პრეროგატივაა.

მსგავსი