თეა წულუკიანი - მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ სამართლებრივი და მშვიდობიანი ბრძოლა იმისათვის, რათა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს
თეა წულუკიანი - მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ სამართლებრივი და მშვიდობიანი ბრძოლა იმისათვის, რათა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს

დღეს პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის არა მხოლოდ იმ დღეს, არამედ მანამდეც და მომავალ დღეებშიც გმირულად დაეცა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გმირთა მემორიალთან განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ გააგრძელოს სამართლებრივი და მშვიდობიანი ბრძოლა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ სამართლებრივი და მშვიდობიანი ბრძოლა იმისათვის, რათა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ დღეს სოხუმშიც აღნიშნავენ და აღნიშნავენ ცოტა სხვანაირად, გვჯეროდეს იმის, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება. ჩვენ, ვინც ვართ იმ ბავშვების დედები, რომელთა შვილები სოხუმიდან დევნილები არიან, ვასწავლოთ მათ, რომ აფხაზი თანატოლები მათი მეგობრები არიან და მომავალში მშვიდობიანი გზით ერთად უნდა ააშენონ აფხაზეთი, გამთლიანებული საქართველოს ფარგლებში. ამიტომ დღევანდელ დღეს მწუხარებით, მაგრამ ასევე, მომავლის იმედით ვართ სავსე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სოხუმის დაცემიდან დღეს 26 წელი გავიდა.