თეა წულუკიანი - მმართველმა გუნდმა წელიწად-ნახევრის წინ დავინახეთ პირველი ნიშნები, რას აპირებდა „ნაციონალური მოძრაობა“
თეა წულუკიანი - მმართველმა გუნდმა წელიწად-ნახევრის წინ დავინახეთ პირველი ნიშნები, რას აპირებდა „ნაციონალური მოძრაობა“

შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ჩვენ, მთავრობამ, პარლამენტმა და მთლიანად მმართველმა გუნდმა, მინიმუმ ერთი წლის თუ არა, წელიწად-ნახევრის წინ დავინახეთ პირველი ნიშნები, რას აპირებდა „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა და მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა ხელისუფლების დამხობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაზე კომენტირებისას განაცხადა.

ამასთან, როგორც წულუკიანი ვარაუდობს, „ნაციონალური მოძრაობა“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ემზადებოდა რევანშისთვის.

„მე რომ დღეს თავისუფალი ადამიანი ვარ და ამ თავისუფლებას ვიყენებ, ზოგიერთებს სწყინთ, მაგრამ დღეს თავისუფალი ადამიანი ვარ. როდესაც არ ვიყავი თავისუფალი და ვიყავი ძალიან მაღალ თანამდებობაზე, თან 8 წელი, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ჩვენ, მთავრობამ, პარლამენტმა და მთლიანად მმართველმა გუნდმა მინიმუმ ერთი წლის თუ არა, წელიწად-ნახევრის წინ დავინახეთ პირველი ნიშნები, რას აპირებდა „ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე შარშანდლიდან და მე ვიტყოდი, ალბათ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან უკვე ემზადებოდა რევანშისთვის, ქუჩისთვის და 2020 წლის პირველი ნოემბრისთვის. თუნდაც, როდესაც ვიხსენებთ, რომ მათი დანაყოფი, ქალბატონი გიგაურის სახით დაჯდა ეთერში და თქვა, რომ ვიღაც ბეჟანი და იოსები პირადობის მოწმობებს ბეჭდავდნენო, პირადად მე მაშინ მივხვდი, რას ამზადებდნენ 2020 წლისათვის და სასაცილოდ გაიხადეს თავი მსოფლიოს მასშტაბით, როდესაც ვერც კი თქვეს, რას ეფუძნებოდა ეს და იძახდნენ წყარო, წყაროო. მეც შემიძლია ვიძახო წყარო, წყარო, თუ გავიწყვეტ შუბლის ძარღვს, რაც წესით, ყველას უნდა გვქონდეს და ძალიან ბევრ რამეს მოვყვები, მათ შორის შემაშფოთებელს, მაგრამ პასუხისმგებლობა არ მომცემს ამის საშუალებას. აი, მაშინ პირადად მე მივხვდი. გუნდი, კიდევ სხვა უწყებები, ასე ვთქვათ, პარლამენტში ჩვენი სხვადასხვა წევრი (უკვე ეს ყველაფერი რომ შეგროვდა სადღაც წელიწად-ნახევრის წინ), ჩვენ დავინახეთ, რომ ქუჩისთვის ემზადებიან. შეიძლება მაშინ ჩვენმა ამომრჩეველმა ვერ გაიგო, რატომ მოხდა ამდენი კომპრომისი, ერთპროცენტიანი ბარიერი, რატომ მოხდა მაჟორიტარული სისტემის დათმობა, რომელიც დღეს მე, თეა წულუკიანს, ძალიან კარგი სისტემა მგონია. რატომ გავხსენით ეს კარები, მოდი ბატონო, დაბრძანდი და მართე ქვეყანა, თუ ხალხი მოგცემს ხმას. სხვათა შორის ეს მოხდა სწორედ იმისთვის, რომ დღეს ისინი არიან არგუმენტებისგან გაკოტრებულები. შესაბამისად, ბევრ რაღაცას ეფუძნება ჩვენი ეს განცხადებები და თუ დააკვირდებით ჩვენი სექტემბრის, ოქტომბრის და 31 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე გაკეთებულ განცხადებებს, ყველაფერი ერთი ერთში დღეს ხდება. მაგრამ, ვერ ხდება ის, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ანუ რეალურად, ჩვენ ვყოფილიყავით სუსტები, ვერ გამოგვეჩინა კომპრომისის კულტურა და მიგვეცა მათთვის არგუმენტი, რომ ჩაკეტეს სისტემა და არ გვიშვებენ პარლამენტში.

არა ბატონებო, პარლამენტი ღიაა, პარლამენტში ხართ უკვე ყველა და თუ გნებავთ, პარლამენტში შებრძანდით და ჩვენთან ერთად მართეთ ქვეყანა. თუ არ გინდათ ჩვენთან ერთად ქვეყნის მართვა, რისი საშუალებაც ჩვენმა დემოკრატიულმა მმართველობამ მოგცათ, მაშინ საკუთარ ამომრჩეველს გაეცით პასუხი, რატომ აკეთებთ ამას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.