თეა წულუკიანი - მინდა, შევახსენო ყველა პირს, ვისაც ვიწვევთ კომისიის სხდომაზე, ჩვენ არ ვხუმრობთ, სერიოზულად ვუდგებით საკითხს, მოლოდინი გვაქვს, მოწვეული პირებიც სერიოზულად მიუდგებიან პროცესს
თეა წულუკიანი - მინდა, შევახსენო ყველა პირს, ვისაც ვიწვევთ კომისიის სხდომაზე, ჩვენ არ ვხუმრობთ, სერიოზულად ვუდგებით საკითხს, მოლოდინი გვაქვს, მოწვეული პირებიც სერიოზულად მიუდგებიან პროცესს

მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პროცესის პირველი ეტაპი დასრულდა და უკვე დაიწყება სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. დაველოდებით არსებით განხილვას. იქ უკვე გადაწყვეტილების რამდენიმე ვარიანტი აქვს მოსამართლეს, რომელთა შორის არის სისხლის სამართლის ჯარიმა, ასევე ერთ წლამდე პატიმრობა, – ამის შესახებ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, პროცესი გრძელდება, რასაც კომისიის წევრები ყურადღებით აკვირდებიან.

„ჩვენ, როგორც კომისია, უნდა გამოვეხმაუროთ საქართველოს სასამართლო ხელისუფლების მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სისხლის სამართლის პროცესის პირველი ეტაპი დასრულდა, რომელიც გულისხმობს საქმის არსებითად განხილვისთვის მომზადებას და უკვე დაიწყება სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. მოსამართლემ ჩათვალა, რომ არ არის საჭირო აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის გამოყენება. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ დავეთანხმოთ ამ შეფასებას, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე პუნქტით ასეთი კატეგორიის საქმეებზე სწორედ ასეთი გადაწყვეტილების მიღებაა სტანდარტი და შესაბამისი კონვენციურ სტანდარტთან. დაველოდებით არსებით განხილვას. იქ უკვე, როგორც იცით, არსებითი განხილვის შედეგად, შესაძლებელია, მოსამართლემ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღოს, გადაწყვეტილების რამდენიმე ვარიანტი აქვს, რომელთა  შორის არის სისხლის სამართლის ჯარიმა, ასევე ერთ წლამდე პატიმრობა. პროცესი გრძელდება. რასაკვირველია, ჩვენ, როგორც დამკვირვებლები, ყურადღებით ვაკვირდებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მოლოდინი აქვს, რომ სერიოზულად მიუდგებიან კომისიის სხდომებს ის პირები, რომლებსაც ახსნა-განმარტებისთვის იწვევენ.

„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველა პირს, ვისაც ახსნა-განმარტებისთვის ვიწვევთ სხდომაზე, რომ ჩვენ არ ვხუმრობთ, სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს და მოლოდინი გვაქვს, რომ აქ მოწვეული პირებიც სერიოზულად მიუდგებიან ამ პროცესს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში 25 მარტს გადაიგზავნა. გუშინ პროკურატურამ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.