თეა წულუკიანი - მინდა, დავამშვიდო პატიმრები და მათი ოჯახებიც, რომ ამ ეტაპზე ხანმოკლე პაემნები, ამანათები და სხვა გზავნილები გაგრძელდება
თეა წულუკიანი - მინდა, დავამშვიდო პატიმრები და მათი ოჯახებიც, რომ ამ ეტაპზე ხანმოკლე პაემნები, ამანათები და სხვა გზავნილები გაგრძელდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, არის საკმაოდ საგანაგაშო პირველი ნიშნები იმისა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შემსუბუქებულმა ღონისძიებებმა თბილისში გააჩინა ვირუსის გადადების წყაროები, რომელთა მოძიებაც ჯერ ვერ მოხერხდა.

აქედან გამომდინარე, თეა წულუკიანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან ის ელემენტარული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წესები, რომლებიც ჯანდაცვის სპეციალისტების მიერაა დადგენილი.

„როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გვითხრა, არის საკმაოდ საგანგაშო პირველი ნიშნები იმისა, რომ კოვიდთან დაკავშირებით შემსუბუქებულმა ღონისძიებებმა დედაქალაქში – თბილისში გააჩინა ვირუსის გადადების წყაროები, რომელთა მოძებნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

შესაბამისად, ის რამდენიმე ადამიანი, რომელთაც  ბოლო საათებში კორონავირუსი დაუდასტურდათ, აბსოლუტურად სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან, 25, 30, 70-ს ზევით ასაკის და ვერცერთი მათგანის შემთხვევაში ვერ დგინდება, ვისგან გადაედოთ ვირუსი.

ეს არის საგანაგაშო და ამიტომაც გვინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, დავიცვათ ის ელემენტარული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წესები, რომლებიც ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ ყველას გვაქვს დადგენილი“,- განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის განმარტებით, კვლავ იზრუნებენ, რომ საპატიმროებში ვირუსი არ გავრცელდეს.

„თუმცა, ამ ეტაპზე მინდა, დავამშვიდო პატიმრები და მათი ოჯახებიც, რომ ხანმოკლე პაემნები, ამანათები და სხვა გზავნილები გაგრძელდება. არ იგეგმება, რომ შეწყდეს. მაგრამ, ჩვენ გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმას, რომ პენიტენციური სამსახური გამოიჩენს სათანადო სიმკაცრეს, რათა საპატიმრო ვირუსის მიღმა დარჩეს“,- განაცხადა წულუკიანმა.