თეა წულუკიანი - მათ ადგილას სიტყვა „პატიმარს“ სირცხვილით საერთოდ აღარ ვახსენებდი, მაგრამ სინდისს, მით უმეტეს, პოლიტიკურს, ვერ მოვთხოვთ
თეა წულუკიანი - მათ ადგილას სიტყვა „პატიმარს“ სირცხვილით საერთოდ აღარ ვახსენებდი, მაგრამ სინდისს, მით უმეტეს, პოლიტიკურს, ვერ მოვთხოვთ

დღეს არც რცხვენიათ და სიტყვა „პატიმარს“ ისე ახსენებენ, არც ერთს ნერვი არ უტოკდება. მე მათ ადგილას, სიტყვა პატიმარს სირცხვილით საერთოდ აღარ ვახსენებდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ ამას ვერ მოვთხოვთ, ვერც სინდისს და ვერც მით უმეტეს, პოლიტიკურ სინდისს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ოპოზიციის ლიდერთა მხრიდან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მანამდეც და 8 მარტსაც, რატომ კეთდებოდა განცხადებები, რომ უგულავას, ოქრუაშვილის და რურუას გასათავისუფლებლად კონკრეტული მექანიზმები იქნებოდა გამოყენებული, თუკი შეხვედრებზე ე.წ. პოლიტპატიმრებზე საუბარი არ ყოფილა, თეა წულუკიანმა განაცხადა –  ეს განცხადებები იმიტომ კეთდებოდა, რომ ოპოზიცია ყველაფერზე წამსვლელია და მათ ეს დაადასტურეს, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. 

„დღეს არც რცხვენიათ და სიტყვა პატიმარს ისე ახსენებენ, რომ არც ერთს ნერვი არ უტოკდება. მე მათ ადგილას, სიტყვა პატიმარს სირცხვილით საერთოდ აღარ ვახსენებდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ ამას ვერ მოვთხოვთ, ვერც სინდისს და ვერც მით უმეტეს, პოლიტიკურ სინდისს. როდესაც ისინი მოლაპარაკებებიდან გამოსვლისთანავე ვიღაცის გათავისუფლებაზე საუბრობდნენ, იქვე, ჩვენი მომლაპარაკებლები ამბობდნენ, რომ ეს სიცრუე იყო. შესაბამისად, ჩვენ ალბათ უნდა გავიხსენოთ, რა ტიპის ტყუილებზე წამსვლელი არიან ეს ადამიანები, რომლებმაც მაგალითად, მოდელირებული რეალობები მრავალჯერ შესთავაზეს ჩვენს საზოგადოებას, როცა პასუხისმგებელი პირები იყვნენ და რაღაცის მართვაზე ჰქონდათ პრეტენზია“, – განაცხადა წულუკიანმა.