თეა წულუკიანი მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე - შედეგებს დაველოდოთ, მთავარია, დანაშაული თავიდან არის აცილებული
თეა წულუკიანი მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე - შედეგებს დაველოდოთ, მთავარია, დანაშაული თავიდან არის აცილებული

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) მადლობას უხდის.

ამის შესახებ თეა წულუკიანმა მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ეს არ არის სუს-ის მიერ დანაშაულის პრევენციის პირველი შემთხვევა.

„პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მათ დანაშაულის პრევენცია მოახდინეს, თან ისეთი დანაშაულის, რომელსაც კავშირი აქვს ტერორიზმთან. წარსულშიც გვახსოვს სხვადასხვა ასეთი, გარეთ გამოტანილი, ანუ გამჟღავნებული საქმე ან საქმეები, რომელზეც თავად სამსახურის ხელმძღვანელი პარლამენტში დახურულ ფორმატში საუბრობს ხოლმე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, მთავარია, რომ დანაშაული აცილებულია, ახლა კი, ყველა შედეგებს უნდა დაელოდოს.

„შედეგებს დაველოდოთ. მთავარია, დანაშაული თავიდან არის აცილებული. მინდა, პოტენციური მსხვერპლისა და მსხვერპლების ოჯახებს სიმშვიდე ვუსურვო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.