თეა წულუკიანი - კონგრესმენები იქნებიან, თუ სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები, გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, წუხილსაც, სიხარულსაც, რათა ქვეყანა იყოს კიდევ უფრო განვითარებული
თეა წულუკიანი - კონგრესმენები იქნებიან, თუ სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები, გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, წუხილსაც, სიხარულსაც, რათა ქვეყანა იყოს კიდევ უფრო განვითარებული

ყურადღებით გავეცნობით მეგობარ და მით უმეტეს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან მიღებულ წერილებს, მაგრამ ჩვენ იმისთვის ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ზრდასრული ადამიანები, რომ სწორი ანალიზი გავაკეთოთ თითოეული ტექსტისა და შევაფასოთ, რა არის რეალობასთან შესაბამისი, რა არის რეალობას აცდენილი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კონგრესმენების ნაწილი, რომლებიც დღეს კრიტიკულ წერილებს აგზავნის, თავის დროზე აპროტესტებდნენ იმას, რატომ მიეცა მიხეილ სააკაშილი პასუხისგებაში.

„რაც შეეხება კითხვას, როგორ შეფასებებს აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ეს შეფასებები ნამდვილად არ არის დამოუკიდებელი ქვეყნის ოპოზიციის შეფასებები. ვფიქრობ, ეს ნამდვილად სამარცხვინოა, რადგან კიდევ ერთხელ შევახსენებ ოპოზიციას, ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო. უნდა წავიკითხოთ, ყურადღებით გავეცნოთ, თუ წუხილის რეალურ საგანს დავინახავთ, ერთად ვიმუშაოთ, რომ ეს წუხილის საფუძველი აღმოვფხვრათ, მაგრამ ჩემი შეფასება ვერ იქნება ოპოზიციის შეფასება, თითქოს, რაკი უცხოეთიდან წერილი შემოვიდა, საქართველოს არსებობა დასრულდა. კიდევ ერთხელ ვამბობთ, მოცემული კონგრესმენები იქნებიან თუ სხვა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები, ვისაც მართლაც გულწრფელად უნდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას არაფერი დაემუქროს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, ერთად წუხილსაც, ერთად სიხარულსაც, რათა ეს ქვეყანა იყოს კიდევ უფრო პროგრესული და კიდევ უფრო განვითარებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.