თეა წულუკიანი - კომპეტენციის საკითხი რჩება გამოწვევად და ეს უნდა დავინახოთ, როგორც პროგრესის გზაზე განვითარების პროცესი
თეა წულუკიანი - კომპეტენციის საკითხი რჩება გამოწვევად და ეს უნდა დავინახოთ, როგორც პროგრესის გზაზე განვითარების პროცესი

საქართველოში 2014 წლიდან სასამართლო სისტემაში არაერთი რეფორმა ჩატარდა, ამ რეფორმების შედეგი არის ხელშესახები, ეს შედეგები უნდა შევინარჩუნოთ, რეფორმები გავაგრძელოთ და შემდგომ წლებში მივაღწიოთ უკეთეს შედეგს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტებმა მინისტრს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლების განცხადებაზე ჰკითხეს და დაინტერესდნენ არის თუ არა ასეთი განცხადება ქვეყნის დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი.

„ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიისთვის საფრთხე, არ არსებობს, მაგრამ არსებობს განვითარების პროცესი, რომელ პროცესსაც ჩვენ ყველამ, ვიქნებით მთავრობის წარმომადგენლები, მოქალაქეები თუ სხვადასხვა სექტორში მომუშავენი, ხელი უნდა შევუწყოთ. ინსტიტუციური დემოკრატია არ შენდება 24 საათში და 10 წელიწადში. ეს არის პროცესი. ამ მშენებლობის გზაზე ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი. საქართველოში სასამართლო სისტემაში 2014 წლიდან დღემდე არაერთი რეფორმა ჩატარდა. ამ რეფორმების შედეგი არის ხელშესახები, ეს შედეგები არის პოზიტიური, მაგრამ გამოწვევები, რომელიც ჩვენ ახლა გვაქვს აირ ის, რომ ეს შედეგები შევინარჩუნოთ, რეფორმები გავაგრძელოთ და მივაღწიოთ იმას, რაც შემდგომ წლებში უკეთეს შედეგს.  თითოეულ ჩვენთაგანს, თქვენც, მეც მინდა, კომპეტენტური მოსამართლეები. კომპეტენციის მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს არამარტო მოქმედ მოსამართლეებში, არამედ იმ კანდიდატებში, ვისაც მომდევნო წლებში შეიძლება სურდეთ მოსამართლეობა, როგორც კვალიფიციური ხალხი, ასევე ნაკლებად კვალიფიციურები. რა თქმა უნდა, ეს რჩება გამოწვევად და ეს უნდა დავინახოთ, როგორც პროგრესის გზაზე განვითარების პროცესი და არა ის, რომ ვთქვათ, უცბად მოვინდომოთ საბოლოო შედეგები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმებიანი, მაგრამ გამოთქვამენ შეშფოთებას პროცესის მიმართ, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში გაგზავნილი მოსამართლეობის კანდიდატების სია შეადგინა.

„თანამომხსენებლები ასევე აღნიშნავენ, რომ კითხვები გაჩნდა ზოგიერთი კანდიდატების კვალიფიკაციის მიმართ, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აირჩია, ასევე შემაშფოთებელია მკაფიო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ გამოთქმული ბრალდებებიც“, – ნათქვამია განცხადებაში.