თეა წულუკიანი - კომერციული პალატების შესახებ კანონი მზად არის
თეა წულუკიანი - კომერციული პალატების შესახებ კანონი მზად არის

მომავალში ჩვენ ვგეგმავთ მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობის გაგრძელებას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, კომერციული პალატების შესახებ კანონი მზად არის და როგორც კი დაინტერესებულ მხარეებთან გაიხსნება კონსულტაციები საბოლოო რედაქციაზე შეჯერება მოხდება.

„როგორც იცით, ე.წ. მე-4 ტალღა მიჰყავს პარლამენტს, მაგრამ ჩვენი, იუსტიციის სამინისტროს, კომპონენტი ამ მეოთხე ტალღაში, ასევე, ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი. ეს ეხება კომერციული პალატების საერთო სასამართლოების სისტემაში შემოღებას; ეს არის მთავრობის ამ შემადგენლობის პროგრამაშიც, კანონპროექტი მზადაა და როგორც კი დაინტერესებულ მხარეებთან გაიხსნება კონსულტაციები და შევჯერდებით საბოლოო რედაქციაზე, ის წარმოდგენილი იქნება თქვენ წინაშეც. ეს გაამარტივებს ბიზნესდავების განხილვას უფრო სწრაფად, უფრო სამართლიანად და უფრო კომპეტენტურად ჩვენივე საერთო სასამართლოების სისტემაში. რაც შეეხება დანარჩენ კომპონენტებს მეოთხე ტალღისა, რა თქმა უნდა, პარლამენტის მიერ ჩამოყალიბებულ ფორმატში ჩვენ ვთანამშრომლობთ და კიდევ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ, რათა ის დარჩენილი ხარვეზები ამ სისტემაში რაც შეიძლება მალე იქნეს აღმოფხვრილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.