თეა წულუკიანი ხელოვნების საყმაწვილო ცენტრ „არტ ჰოლს“ ეწვია
თეა წულუკიანი ხელოვნების საყმაწვილო ცენტრ „არტ ჰოლს“ ეწვია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ხელოვნების საყმაწვილო ცენტრ „არტ ჰოლს“ ეწვია და მის ხელმძღვანელ გოგა პიპინაშვილთან ერთად ცენტრში მოქმედი ინკლუზიური სახელოვნებო სწავლების პროექტს გაეცნო.

„არტ ჰოლში“ ბავშვები სამსახიობო, სარეჟისორო ხელოვნების თავისებურებებს სწავლობენ, თავად ამზადებენ სპექტაკლებისათვის დეკორაციებს და, რაც მთავარია, სწავლების პროცესში არიან ჩართულნი ერთად. სასწავლო-შემოქმედებითი და ტექნიკური სახელოსნოების დათვალიერების შემდეგ, მინისტრმა იმ საკითხების შესახებ მოისმინა ინფორმაცია, რომლებიც პროექტში ჩართულ, სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებს უფრო მეტი წარმატების მიღწევაში რეალურ დაბრკოლებებს უქმნის. კერძოდ, მრავალი წელია, რაც საყმაწვილო ცენტრი ე.წ. ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე ერთ-ერთ შენობაში მუშაობს, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა. შენობა განახლებას საჭიროებს. ასევე, ცენტრის მოსწავლეების მიერ გადახდილი საფასური სრულად ხმარდება „ქართული ფილმის განვითარების ფონდის“ გამგეობის მიერ დადგენილი იჯარის გადახდას, რაც ცენტრის განვითარების შესაძლებლობას საგრძნობლად ამცირებს.

„არტ ჰოლი“ არის ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები ჩვენი სამინსტროსთვის, ვინაიდან ეს არის შემოქმედებითი ინკლუზიური სასწავლო პროცესი, სადაც ყველა ბავშვი, როგორი საჭიროების მქონეც არ უნდა იყოს ის, ჩართულია სამსახიობო სწავლების პროცესში. ასევე, მას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი სპექტაკლისთვის დეკორაციები შექმნას ადგილზე. რა თქმა უნდა, ასეთ პროექტებს სამინისტრო ყოველთვის აღმოუჩენს ქმედით მხარდაჭერას“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

დატოვე კომენტარი