თეა წულუკიანი - იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას, რათა შენარჩუნდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან
თეა წულუკიანი - იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას, რათა შენარჩუნდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს ბრძოლას და მუშაობას, რათა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შენარჩუნდეს ევროკავშირის ქვეყნებთან, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს იუსტიციის სისტემა 27 ივნისიდან არის ევროკავშირის სივრცის ნაწილი. ამასთან, წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს საქმეებზე სახელმწიფოს ინტერესების ეფექტურად დაცვას სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში.

„იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს ბრძოლას და მუშაობას, რათა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შენარჩუნდეს ევროკავშირის ქვეყნებთან. ჩვენ საკმაოდ დიდი როლი გვაკისრია საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვრის მართვის სტრუქტურებთან და ჩვენს პოლიციასთან ერთად და ამ თანამშრომლობის რეჟიმში დავრჩებით. ევროჯასტთან შეთანხმება ხელმოწერილია და ძალაშია 27 ივნისიდან. იცით, რომ საქართველოს იუსტიციის სისტემა ევროპული გაგებით არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს ნიშნავს, არამედ ნიშნავს პროკურატურის ორგანოებს, სასამართლოებს. 27 ივნისიდან მთელი ჩვენი იუსტიციის სისტემა არის ევროკავშირის სივრცის ნაწილი. ჩვენ გავაგრძელებთ საქმეებზე სახელმწიფოს ინტერესების ეფექტურად დაცვას სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში და როდესაც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვიქნებით, იუსტიციის სამინისტრო იქნება ინიციატორი ევროპული კონფერენციისა აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანს ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში უსმენენ. დღესვე კომიტეტებზე დაგეგმილია შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურის, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ ქეთევან ციხელაშვილის მოსმენა.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები საკომიტეტო მოსმენებს არც დღეს ესწრებიან.