თეა წულუკიანი - იმედი მაქვს, ამ ქვეყანაში არავის ჰგონია, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობა უბრალოდ ნივთია
თეა წულუკიანი - იმედი მაქვს, ამ ქვეყანაში არავის ჰგონია, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობა უბრალოდ ნივთია

იმედი მაქვს, ამ ქვეყანაში არავის ჰგონია, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობა უბრალოდ ნივთია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და არის დროებითი ზომა.

„ნორმა არის დროებით შეჩერებული, თუმცა არ ვიცით, რამდენი ხნით. ვინაიდან დავა მიმდინარეობს და გადაწყვეტილება ჯერ არ არის საბოლოოდ მიღებული, მე იძულებული ვარ, თავი შევიკავო მწვავე შეფასებებისგან.

თუმცა, ერთს ვიტყვი, რომ იმედი მაქვს, არავის ჰგონია ამ ქვეყანაში, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობა არის უბრალოდ ნივთი. ელექტრონული პირადობის მოწმობა არის პიროვნების დამადასტურებელი ის დოკუმენტი, რომელზეც გადის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და სწორი განვითარება. დემოკრატიულ და სწორ განვითარებაში იგულისხმება ასევე სხვა ბევრს შორის დემოკრატიისა და სანდოობის პირობებში ჩატარებული არჩევნები. გაისად საარჩევნო წელია. ამიტომ, ის ბიომეტრიული ფოტოებით შემდგარი საარჩევნო სია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2014 წელს შემოიტანა, არის სანდო, რადგან ჩვენს ქვეყანაში არსებობს ელექტრონული პირადობის მოწმობა და მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ერთ დღეს ეჭვქვეშ დადგება. მაგრამ დავა მიმდინარეობს და დაველოდოთ დავის შედეგს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ციფრებს რაც შეეხება, 2012 წლის არჩევნებამდე 400 ათასზე ცოტა მეტი ელექტრონული პირადობა იყო საქართველოში.

„დღეისათვის კი, სხვადასხვა უფასო აქციების და იუსტიციის სამინისტროს ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, სამ მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე და სრულწლოვანი პირი ფლობს გაუყალბებელ ელექტრონულ პირადობის მოწმობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრმა ოპოზიციის ბრალდებებსაც უპასუხა.

„ჩემი პასუხი მოწმობს საპირისპიროს. უბრალოდ, რაკი ჩვენ მოპასუხეები ვართ და იუსტიციის მინისტრის ბრძანების ნორმაა შეჩერებული, ნორმა რომელიც მე ძალიან მომწონს და მხარე ვარ, როგორც დავის მხარე, მწვავე შეფასებებისგან დღეს თავს შევიკავებ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ მომავალ არჩევნებს ბიომეტრიული ფოტოებით შემდგარ საარჩევნო სიის საფუძველზე და ელექტრონული პირადობის მეშვეობით ჩავატარებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობა მხოლოდ ელექტრონული, ე.წ. ჩიპიანი უნდა იყოს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება პირადობის მოწმობებით საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას გეგმავს.