თეა წულუკიანი - გვინდა, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი აღვადგინოთ, სიწმინდეებს, რომლებიც ოქროს ფონდში ინახება, მივცეთ ის სიცოცხლე, რომელიც მათ ეკუთვნით, არაერთი ექსპონატი მოვლა-პატრონობას საჭიროებს
თეა წულუკიანი - გვინდა, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი აღვადგინოთ, სიწმინდეებს, რომლებიც ოქროს ფონდში ინახება, მივცეთ ის სიცოცხლე, რომელიც მათ ეკუთვნით, არაერთი ექსპონატი მოვლა-პატრონობას საჭიროებს

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მუზეუმების მართვა არის ის მტკივნეული საკითხი, რომელიც დღეს საქართველოს აწუხებს.

წულუკიანმა სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა და როგორც აღნიშნა, სწორედ ამ პერიოდისთვის ვარაუდობს, რომ იმოქმედებს ერთიანი პოლიტიკა და მუზეუმებში დაცული ექსპონატების 100 პროცენტი იქნება აღრიცხული ელექტრონულ პლატფორმებზე.

„ჩვენ 10 წლის თავზე ვვარაუდობთ, რომ მტკივნეული საკითხი, რომელიც დღეს საქართველოს აწუხებს – მუზეუმების მართვა თანამედროვე სტანდარტით იყოს შემუშავებული, მოქმედებდეს ერთიანი პოლიტიკა და ჩვენს მუზეუმებში დაცული ექსპონატების 100 პროცენტი ასევე იყოს აღრიცხული ელექტრონულ პლატფორმებზე.

ჩვენ 10 წლის თავზე გვინდა, რომ საქართველოს ყველაზე დიდი მუზეუმი, სადაც დაცულია ჩვენი სამუზეუმო ექსპონატების 90 პროცენტამდე, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი აღვადგინოთ, განვაახლოთ და იმ სიწმინდეებს, რომელიც ოქროს ფონდში ინახება, მივცეთ სიცოცხლე, რომელიც ეკუთვნით, რადგან არაერთი ეს ექსპონატი მოვლა-პატრონობას საჭიროებს. ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება იუნესკო-ს ექსპერტებთან, რომ ხის კონსერვაციის, ჭედური ხატების კონსერვაციის ექსპერტები ჩამოვიდნენ და ოქროს ფონდი იყოს ისევე გამოფენილი და ხელმისაწვდომი, როგორც ეს იყო ჩვენს ბავშვობაში.

ასევე, ამ მუზეუმში შენახულია, რაც ბევრმა არ იცის, პირველი კანდინსკი, ქართველი მხატვრები, რომელთა რიცხვი არის შთამბეჭდავი. მხოლოდ ფიროსმანი რად ღირს, კაკაბაძე, გიგო გაბაშვილი, ახვლედიანი და სხვები. და რა თქმა უნდა, ისინი უნდა იყოს სათანადოდ გამოფენილი. ამისთვის საჭიროა ამ მუზეუმის აღდგენა. მუზეუმის, რომელსაც აქვს სერიოზული გამოწვევები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.