თეა წულუკიანი - ღია ტაძარი, ღია მეჩეთი არის მრავალკონფესიური საქართველოს სიმბოლო, მაგრამ ეს სიმბოლო რომ ხელუხლებელი რჩება, იმას არ ნიშნავს, რომ ტაძარში ყველანი უნდა მივცვივდეთ
თეა წულუკიანი - ღია ტაძარი, ღია მეჩეთი არის მრავალკონფესიური საქართველოს სიმბოლო, მაგრამ ეს სიმბოლო რომ ხელუხლებელი რჩება, იმას არ ნიშნავს, რომ ტაძარში ყველანი უნდა მივცვივდეთ

ეს დღეებია, ვცდილობ, ეკლესიასთან დაკავშირებით გამოხატული რომელიმე პოზიციის ტყვე არ ვიყო, რადგან ეს ძალიან საშიში მგონია, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.

„მე ჩემ პირად პოზიციაზე გესაუბრებით იმისთვის, რომ ეგებ, ეს ვინმეს რაღაცაში გამოადგეს, ისევე, როგორც მე ვცდილობ, მოვისმინო ბევრი ადამიანის პოზიცია, რომ ეს რაღაცაში გამომადგეს. მე უარს ვამბობ, ვიყო იმ განცხადების ტყვე, რომ ვინც ამბობს, ეკლესია უნდა დაიხუროს, ეკლესია მტყუანია და გვაზიანებსო, არის მოდური, თანამედროვე და განვითარებული, ხოლო ვინც პირიქით ფიქრობს, ის ბნელეთიდანაა. მე უარს ვამბობ, რომელიმე პოზიცია გავიზიარო და ვიყო ამ ორი, რადიკალურად დაპირისპირებული პოზიციის ბულინგის მსხვერპლი. მე მაქვს პოზიცია, რომელიც უფრო შუალედურია, მაგრამ საკმაოდ მკაცრი და პრინციპულიც“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს ფუნქცია არ არის ის, რომ ტაძარი დაკეტოს.

„ტაძარი ღია უნდა იყოს თუ არა, ამის გადაწყვეტილება ისტორიულად და სამართლებრივად ეკუთვნის ეკლესიას. სახელმწიფომ უარი თქვა, თვითონ მიეღო კანონი კონსტიტუციიდან გამომდინარე და ტაძრები დაეკეტა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს სწორია. საქართველოში ტაძარი მაშინ იკეტებოდა, როდესაც მტერი შემოგვესეოდა, ან ეკლესიას და ტაძარს ებრძოდა მავანი ხელისუფლება, რომელიც პირველ ოქტომბერს ყველამ ერთად დავამარცხეთ და ამ წარსულში მე დღეს არ დავბრუნდები. ამის დრო არ არის. ღია ტაძარი არის იმის სიმბოლო, რაც ჩვენ ყველა ერთად ვართ; ღია მეჩეთი არის იმის სიმბოლო, რაც არის საქართველო, მრავალეროვანი, მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური, მაგრამ ეს სიმბოლო რომ ხელუხლებელი რჩება, იმას არ ნიშნავს, რომ ამ ტაძარში, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის და, ყველანი უნდა მივცვივდეთ. პირიქით, სახელმწიფოს პოზიციაა, ამ სიმბოლოს მოვუფრთხილდეთ და მხოლოდ სასულიერო პირებს მივცეთ ღვთისმსახურების საშუალება. იმისთვის, რომ ისინიც დაცული იყვნენ და ჩვენც ერთმანეთს არ დავუშავოთ ის, რასაც მერე ვეღარ გამოვასწორებთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად არის საპატრიარქოსთან მიღწეული შეთანხმება ყველა იმ საფრთხის შემაკავებელი, რაზეც საქართველოს ეპიდემიოლოგები საუბრობენ.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საკითხი ასე არ დგას, უნდა დაიხუროს თუ არა ტაძარი.

„საკითხი დგას ასე, რომ ყველა უნდა დავრჩეთ სახლში. რაც არ უნდა გვიჭირდეს, გვჭირდებოდეს და შვებას ვეძებდეთ, ეს შვება რაღაცნაირად, უნდა ვიპოვოთ შინ. დავანთებთ სანთლებს და ვილოცებთ ერთმანეთისთვის, ამ ქვეყნის გადარჩენისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეკითხვაზე, როგორ მოხდება აღდგომის ღამეს ტაძრებში კონტროლი და რამდენად იქნება დაცული მინიმუმ ორმეტრიანი სოციალური დისტანცია, რადგან მრევლის მიმართ იყო მოწოდება, რომ აღდგომის დღეს მოქალაქეები ტაძარში კომენდანტის საათამდე მივიდნენ და ტაძრის ეზოებში განლაგდნენ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თითოეულ ეკლესიასთან მობილიზებული იქნება საპატრულო პოლიცია, რომელიც პერიმეტრზე მკაცრად უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას.

„კომენდანტის საათის ნებისმიერი დამრღვევი დაჯარიმდება, ჯარიმის განმეორების, რეციდივის შემთხვევაში კი ვიცით, რომ არის საპატიმრო სასჯელი. რა თქმა უნდა, ეს არავისთვის გვემეტება და ამას არავის ვუსურვებთ, მაგრამ კანონი მკაცრად იქნება დაცული. თუ დისტანციის დაცვის პასუხისმგებლობა უკვე ეკლესიის პერიმეტრის შიგნით არის, რა თქმა უნდა, ეკლესიის პასუხისმგებლობაა იმ ნაწილში, რომ მრევლს სწორად გააგებინოს, რა უნდა გაკეთდეს მათივე საკუთრებაში, რადგან ეკლესიის ტერიტორია ეკლესიის საკუთრებაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, აქ ჩვენც ძალიან ფხიზლად ვიქნებით და თუ შევხედავთ, რომ რომელიმე ეკლესიაში ხალხმრავლობაა, როგორიც, სხვათა შორის, დღეს ერთ-ერთ ეკლესიაში იყო, შესაბამის ზომებს მივიღებთ. მუნიციპალიტეტს არ დავასახელებ, მაგრამ დღეს დილით ერთ-ერთი ეკლესია გადაჭედილი იყო, რაც დაუშვებელია. ამ შემთხვევაში სახელმწიფოსა და პოლიციას ძალიან მკაცრი, შესაბამისი რეაგირება ჰქონდა და ასე იქნება მომდევნო დღეებშიც“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დატოვე კომენტარი