თეა წულუკიანი - გერმანიის ელჩის მოთხოვნა უსამართლო და მიუღებელია, კანონში ვერ ჩაიწერება, რომ უცხოეთიდან შემოსულ კონკრეტულ გრანტებს ვუწესებთ წესს, გარდა გერმანიიდან მომდინარე გრანტებისა
თეა წულუკიანი - გერმანიის ელჩის მოთხოვნა უსამართლო და მიუღებელია, კანონში ვერ ჩაიწერება, რომ უცხოეთიდან შემოსულ კონკრეტულ გრანტებს ვუწესებთ წესს, გარდა გერმანიიდან მომდინარე გრანტებისა

რომელ ენაზე გიპასუხოთ არ ვიცი, თუ ჩვეულებრივ ქართულ ენაზე უნდა გიპასუხოთ, ჩვენ რომ ახლა სადღაც კაფეში ვისხდეთ ყავასთან, გეტყოდით, რომ მისი ნათქვამი ნიშნავს, რომ ის არ არის ამქვეყნად, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რას ნიშნავს და როგორ ესმის პეტერ ფიშერის მოთხოვნა, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრისას თავად მოითხოვა გრანტების შესახებ კანონიდან გერმანიის გათავისუფლება, რაზეც მიიღო პასუხი, რომ კანონი ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის, მათ შორის გერმანიის საელჩოსთვის თანაბრად იმოქმედებს.

„უფრო ოფიციალურ ენაზე რომ ვთქვა, მისი ეს მოთხოვნა უსამართლო, მიუღებელი და გაუგებარია ერთი მარტივი მიზეზის გამო, კანონი ეხება ყველას, კანონში ვერ ჩაიწერება, რომ კონკრეტულ გრანტებს, უცხოეთიდან რაც შემოდის, ვუწესებთ ამა და ამ ახალ წესს, გარდა გერმანიიდან მომდინარე გრანტებისა. ასეთი რამ კანონში არ იწერება“, – განაცხადა წულუკიანმა.

წამყვანმა სტუმარს პეტერ ფიშერის არგუმენტი შეახსენა, რომ გერმანია სამომავლო დაფინანსების ფოკუსირებას დაბალი ადმინისტრაციული ხარჯების მქონე მეგობრებზე მოახდენს, რაზეც თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მას ამგვარი ბიუროკრატიული ენა არ ესმის.

„მე არ მესმის ამგვარი ბიუროკრატიული ენა. ეს მარტო მას ესმის, ალბათ. მე ვიცი ერთი რამ, რომ როდესაც კანონში არის ნორმა, ის ნორმა ეხება ყველას, იმ კონკრეტულ პირობებში და ვითარებაში, რომელსაც ითვალისწინებს კანონი. წესი არის ასეთი მძიმე გარდა გერმანული გრანტებისა, ამგვარ კანონს არცერთი გერმანელი კანონმდებელი არ დაეთანხმება და გასაკვირია, რატომ გგონია გერმანიის ელჩს, რომ ქართველი კანონმდებელი და მათ შორის მე, შეიძლება, დავეთანხმოთ? ამიტომ, ეს ბავშვობანას უფრო ჰგავს, დროა, ის დასერიოზულდეს და საქართველო აღიქვას იმად, რაც საქართველო არის; ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არის მებრძოლების შთამომავალი და ძალიან შორს რომ არ წავიდეთ და თამარი და დავითი არ ვახსენოთ, ჩვენი ბაბუები მებრძოლები იყვნენ. ამიტომ, ჩვენ არ ვართ უბრალო ხალხი, ჩვენ ვიცით, სად ვცხოვრობთ, ვიცით, რისთვის გვიბრძოლია, ვიცით, რა დაგვიტოვეს, რისთვის დაგვიტოვეს და რა უნდა დავტოვოთ. რადგან ყველამ ვიცით, რისთვის ვიბრძოლეთ, რა გვაქვს და რა უნდა დავტოვოთ, არც 20 და 23 წლის არ ვართ არცერთი და შესაბამისად, ამგვარ თხოვნას ჩვენ ვერ დავაკმაყოფილებთ და გერმანიას ვერ ექნება კანონში თავისი მუხლი, სადაც ეწერება, რომ საფრანგეთს, ჰოლანდიას, ბრიტანეთს და ყველას ეხება, მაგრამ გერმანიას არ ეხება. მე მგონი, მან საკადრისი პასუხი მიიღო მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან და ეს პასუხი მან, იმედი მაქვს, უკვე შეირგო კიდეც“, – განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან, ლევან ჟორჟოლიანთან შეხვედრა მისივე თხოვნით გაიმართა, რათა ეთხოვა, რომ გერმანიის მთავრობის გადახდები გათავისუფლებულიყო საქართველოს გრანტების შესახებ კანონისგან.