თეა წულუკიანი - გაუგებარია, რომ პატიმარ სააკაშვილს „ევროპის სახალხო პარტია“ კვლავ მიიჩნევს დიდ დემოკრატად, ამ დროს ის არის ადამიანი, რომელიც არბევდა ხალხს, აწამებდა პატიმრებს ციხეებში
თეა წულუკიანი - გაუგებარია, რომ პატიმარ სააკაშვილს „ევროპის სახალხო პარტია“ კვლავ მიიჩნევს დიდ დემოკრატად, ამ დროს ის არის ადამიანი, რომელიც არბევდა ხალხს, აწამებდა პატიმრებს ციხეებში

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლობისტები, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც მოიაზრება „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორ ორგანიზაციად, პოლიტიკურ ოჯახად, ყველაფერს ცდილობს, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროპის სახალხო პარტია“ უკვე აღარ მალავს, რომ მისი ოფიციალური განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის შემუშავებული.

„ჩვენ ვიცით, მაგრამ ახლა უკვე ჩვენი საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლობისტები, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც მოიაზრება „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორ ორგანიზაციად, პოლიტიკურ ოჯახად, როგორც ამას ეძახიან და ლობისტად, ყველაფერს ცდილობს, რომ ქართველმა ხალხმა, ჩვენმა ქვეყანამ, სახელმწიფომ არ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ერთი ჯგუფი, ასეთი ჯგუფი არაერთია და მათი მთავარი მიზანია, ევროპისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ერი და ქვეყანა, როგორმე წარუმატებლები ვიყოთ. ამჟამად, მათი მთავარი მიზანი, მათ შორის „ევროპის სახალხო პარტიის“ მიზანი გახლავთ, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი. ეს განცხადებაც სწორედ აქეთ არის მიმართული, რომელიც რბილად რომ ვთქვა, საკმაოდ აბსურდულია. სამარცხვინოცაა, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ უკვე აღარ მალავს, რომ მისი ოფიციალური განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის შემუშავებული. ეს ამ განცხადებას სათაურად აქვს წამძღვარებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, როგორც თეა წულუკიანი ამბობს, მისთვის გაუგებარია, რომ პატიმარ სააკაშვილს „ევროპის სახალხო პარტია“ კვლავ დიდ დემოკრატად მიიჩნევს.

„რბილად რომ ვთქვა, ასევე გაუგებარია, რომ იმ ადამიანს, რომელსაც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე აქვს მისჯილი წლების გარკვეული ოდენობა საპატიმროში მოსახდელად, ვგულისხმობ პატიმარ სააკაშვილს, „ევროპის სახალხო პარტია“ კვლავ მიიჩნევს დიდ დემოკრატად. ამ დროს ის არის ადამიანი, რომელიც აქვე, რამდენიმე მეტრში, რუსთაველის გამზირზე არბევდა ჩვენს ხალხს, სცემდა, აწამებდა ციხეებში პატიმრებს და მას ჰქონდა, რომ იტყვიან, ძალიან მძიმე ხელი მართვისას. ძალადობრივი მეთოდით მართავდა ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, არა მხოლოდ მთავრობამ, საზოგადოებამ, ვიყოთ ერთიანი, მეტად შეკრულები ჩვენს სულისკვეთებაში ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. როგორც აქამდე ვაკეთებდით, გავაათმაგოთ ძალისხმევა, რათა ევროკავშირის შესაბამისმა ხელმძღვანელმა პირებმა მიიღონ ის ერთადერთი სწორი, სამართლიანი გადაწყვეტილება გადაწყვეტილება. სწორი ისტორიულად, კულტურულად და სამართლებრივად, რაც გულისხმობს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება მიუღებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს თუ მოხდება „ევროპის სახალხო პარტიის“ და სხვათა ძალისხმევის შედეგად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება შესაბამისი შეფასებებიც, მაგრამ იმედი მაქვს, ასე არ მოხდება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით, საქართველოს შესახებ გუშინ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში საუბარია მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ. ამასთან, ევროკავშირის საბჭოს ყოფილმა და „ევროპის სახალხო პარტიის“ მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა „ევროპის სახალხო პარტიის“კონგრესზე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა.