თეა წულუკიანი - გარეჯის საქმე, ორი პირის პატიმრობა არ არის და ვერ იქნება დაკავშირებული გარკვეულ რაუნდებთან, სამშობლო, მისი ტერიტორიები დგას გაცილებით მაღლა, ვიდრე ნებისმიერი მოლაპარაკებები
თეა წულუკიანი - გარეჯის საქმე, ორი პირის პატიმრობა არ არის და ვერ იქნება დაკავშირებული გარკვეულ რაუნდებთან, სამშობლო, მისი ტერიტორიები დგას გაცილებით მაღლა, ვიდრე ნებისმიერი მოლაპარაკებები

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ იყო, არის და მომავალშიც იქნება მკაცრი ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების მიმართ.

წულუკიანი ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წინასწარი პატიმრობა არა საბოლოო განაჩენი, არამედ არის ინსტრუმენტი გამოძიებისთვის, რომ გამოძიებამ მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია, რათა საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება.

მისივე განმარტებით, წინასწარი პატიმრობის ძალაში დატოვება-არ დატოვებაზე მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ერთი კრიტერიუმით – საჭიროა თუ არა კვლავ ბრალდებუების წინასწარ პატიმრობაში ყოფნა გამოძიების მიზნებისთვის.

„ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობისას და რვა წლის განმავლობაში, ვიყავით და დღესაც ვართ მოწმენი იმისა, გვგონია, თითქოს პირი თუ წინასწარ პატიმრობაშია, ეს არის საბოლოო განაჩენი. სინამდვილეში, წინასწარი პატიმრობა არის ინსტრუმენტი გამოძიებისთვის, რომ მოცემული პირებისგან, ვინც წინასწარ პატიმრობაში არიან, რომლებსაც ბრალდებულები ჰქვიათ, გამოძიებამ მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია, რათა საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება.

შესაბამისად, თუ დღეს აღმოჩნდა, რომ ერთი მხრივ დაცვისა და მეორე მხრივ, ბრალდების პოზიციები ერთმანეთს დაემთხვევა, ან არ დაემთხვევა და მოსამართლე გადაწყვეტს, რომ წინასწარი პატიმრობა დატოვოს ძალაში ან არ დატოვოს, გირაოთი ჩაანაცვლოს, როგორც ამას ბრალდებული პირების ადვოკატები ითხოვენ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი კრიტერიუმით – საჭიროა თუ არა კვლავ ამ ადამიანების წინასწარ პატიმრობაში ყოფნა გამოძიების მიზნებისთვის.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დასვა კითხვა – „ქართული ოცნება“ იყო მკაცრიო, „ქართული ოცნება“ იყო, არის და მომავალშიც იქნება მკაცრი ნებისმერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების მიმართ. თუ დღეს აღმოჩნდება, რომ მოცემული პირების წინასწარი პატიმრობის შედეგად გამოძიებამ მიიღო დადასტურებული ინფორმაცია, მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები არ მოქმედებდნენ მარტო, არამედ ასრულებდნენ დავალებებს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ კიდევ სხვა მიზნებისთვის მათი წინასწარ პატიმრობაში ყოფნა, რომელიც გამოძიებას სჭირდება, იყოს დასაბუთებული. ან მოსამართლემ ჩათვალოს, რომ მათ ამოწურეს თავიანთი ფუნქცია წინასწარ პატიმრობაში ყოფნისა, მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, გამოძიება გავიდა ბოლოში და რომ ეს პირები შეიძლება უკვე ციხის გარეთ დაელოდონ საკუთარ განაჩენს. განაჩენი იქნება ასეთი, თუ ისეთი, ეს ჩვენ დღეს ვერ გვეცოდინება, მაგრამ ჩემთვის პირადად მთავარი არ არის წინასწარი პატიმრობა, მთავარი არის გამომძიებელი რას ფიქრობს, რამდენად სწრაფად შეძლებს, მომავალში საქმეზე დააყენოს განაჩენი, რომელიც საზოგადოებას, ჩვენ გვეტყვის, ვინ რა დააშავა, ვისი დავალებით და რატომ“, – განაცხადდა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანი აღნიშნავს, რომ გარეჯის საქმე და ორი პირის პატიმრობა არ არის და ვერ იქნება დაკავშირებული გარკვეულ რაუნდებთან, რადგან სამშობლო, მისი ტერიტორიები დგას გაცილებით მაღლა, ვიდრე ნებისმიერი მოლაპარაკებები.

„ჩვენ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ის სპეკულაციები, რაც მიმდინარეობს, რომ დავით გარეჯას საქმე და ამ ორი პირის წინასწარი პატიმრობა იყოს მიბმული გარკვეულ რაუნდებთან, მოლაპარაკებებთან, ეს ასე არ არის, ვერ იქნება, „ქართული ოცნების“ მომლაპარაკებლების და მთლიანი გუნდის პოზიცია ეს არასდროს ყოფილა, რადგან სამშობლო, მისი ტერიტორიები და საზღვარი, ის ტერიტორიები, რაც ჩვენს სამშობლოს ეკუთვნის, არის გაცილებით მაღლა, ვიდრე ნებისმიერი მოლაპარაკებები ორ, ხუთ და ათ პარტიას შორის. შესაბამისად, ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა თემაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პროკურატურა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

დატოვე კომენტარი