თეა წულუკიანი - გახარიას სტილი სხვა არის, მას მოლოდინი და რისკები მეტი აქვს
თეა წულუკიანი - გახარიას სტილი სხვა არის, მას მოლოდინი და რისკები მეტი აქვს

გახარიას სტილი სხვა არის, მას მოლოდინი და რისკები მეტი აქვს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ საქართველოს მთავრობის ახალ მეთაურზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

„ამ დღეებში უფრო სხვა სიტყვები მოვისმინე – მკაცრი ხელი, მკაცრი ხელი, ცოტა გამიკვირდა კიდეც. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმდენად მეტისმეტად ჰუმანურად გამოიყურება, რომ საზოგადოებას ამდენი ჰუმანიზმი ხომ არ მობეზრდამეთქი, ნახევრად ხუმრობით ესეც ვიფიქრე. პრინციპში, დადებითად აღიქვა არა ერთმა ჩვენმა ამომრჩეველმა და არა მხოლოდ მათ, რომ ძლივს, ალბათ, ეს იქნება მკაცრი ხელი“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას მოლოდინი და რისკები უფრო მეტი აქვს. 

„როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ხარ, გაისად არჩევნებია და შენი პრემიერობიდან ამხელა მოლოდინია, რა თქმა უნდა, რისკიც უფრო მაღალია, რომ რაღაც ისე არ გამოგივიდეს, როგორც მოლოდინია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ტვირთს და პასუხისმგებლობას გაათმაგებულად ვგრძნობთ. მით უმეტეს, დღეს, როცა უამრავი პრობლემა კვლავ დღის წესრიგში რჩება; იქნება ეს 2012 წლის დროინდელი პრობლემები, თუ ის პრობლემები, რომელიც ჩვენს საზოგადოებას დამოუკიდებლობის მოპოვების ხნიდან აწუხებს. მათ შორის, სიღარიბის პრობლემა“, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, საზოგადოებას კარგად ახსოვს გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენობის წარმატებული პერიოდი და ის სამართალდამცველი ფუნქციები, რაც მან ბოლო თვეების განმავლობაში შეასრულა.

„ვფიქრობ, ჩემგან განსხვავებით, ეს ნარევი მას აძლევს იმ კომფორტს, რომ ეკონომიკური მიმართულებით იმუშაოს ისე, როგორც ბიზნესომბუდსმენობის დროს მუშაობდა. მე მახსოვს არა ერთი ბიზნესმენი, რომლებიც ამბობდნენ, რომ ის იყო ეფექტური, სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული ომბუდსმენი, რომელსაც ბიუროკრატიული ბარიერები არ უყვარს. მას ეს ნამდვილად აქვს და აქვს ის სიმკაცრე, რომელიც ბოლო კვირებში გვახსოვს, კრიტიკის საგანიც გახდა“, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ექსპრემიერი მამუკა ბახტაძე ძირითადად, იმ ფუნდამენტის ჩაყრაზე იყო კონცენტრირებული, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ქვეყანას სიღარიბის შემცირებას მოუტანს.