თეა წულუკიანი - გახარია ავანტიურით არის დაკავებული, ბატონო გიორგი, არ გამოვა თქვენგან პოლიტიკოსი, ნუ გამოხვალთ სცენაზე
თეა წულუკიანი - გახარია ავანტიურით არის დაკავებული, ბატონო გიორგი, არ გამოვა თქვენგან პოლიტიკოსი, ნუ გამოხვალთ სცენაზე

ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ: „არ გამოვა, ბატონო გიორგი, თქვენგან პოლიტიკოსი ნუ გამოხვალთ სცენაზე“. ადამიანი არის ავანტიურით დაკავებული, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

წულუკიანმა აღნიშნა, რომ გახარიას გადადგომის შემდეგ მას ამ თემაზე ესაუბრა.

„მე დავინახე ბოლოს საშინლად განაწყენებული ადამიანი, რომელიც ჩაერთო პოლიტიკურ ავანტიურაში. (გადადგომის შემდეგ) ერთხელ მქონდა შესაძლებლობა საუბრის. ეს პირადი საუბარი იყო და ამაზე საუბარი არ მინდა. მე დღეს არ ვარ კანდიდატი, ამიტომ, არ მაქვს უფლება ამის დებატის. ამის დროც მოვა, თუ გადარჩა მისგან რამე არჩევნების მერე. ეს არის პოლიტიკური ავანტიურა“, – განაცხადა წულუკიანმა.

ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერებს მიმართა. წულუკიანმა აღნიშნა, რომ „საქართველოსთვის“ „ქართული ოცნების“ პროექტი არ არის.

„ამ ეთერით ასევე მინდა ვისარგებლო და მოვუწოდო ჩემთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანებს, იყავით ფრთხილად, როცა ამ პარტიის გვერდით დგებით. ეს არ არის „ქართული ოცნების“ პროექტი. ნუ დაუჯერებთ, მერე მოვლენ და იტყვიან: „წულუკიანმა არ იცის, თორემ ბიძინასთან დალაგებულები ვართ“. აი, ამ დონის ავანტიურით არიან დაკავებულები. ეს არის ავანტიურა, ხალხნო. არსად არ მიდის ეს გზა“, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, პრემიერ-მინისტრობის დროს გახარიას მისთვის „შესასრულებლად გაუგონარი დავალებაც“ მიუცია.

„ახლა რაღაც ტაბუა. მესმის ჩემი გუნდის წევრების, შესაძლოა, ეუხერხულებათ ამაზე საუბარი, რომ მაინც ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ. კი, ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ, მაგრამ ეს მე არ მიკრძალავს კონკრეტული კითხვების დასმას. როდესაც გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, სად იყო მაშინ ხოჯევანიშვილი? როდესაც ეს ხალხი რაღაცას კეკლუცობს, მე, როგორც მისი ქვეშევრდომი, დავუბარებივარ გახარიას თავის კაბინეტში, სულ მცირე ერთხელ შესასრულებლად გაუგონარი დავალებაც მოუცია. მე დიდი მოწიწებით მითქვამს, რომ ეს დავალება ვერ შესრულდება, მერე მას გაუაზრებია, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. როცა ეს ხალხი იყო იქ, სადაც იყო და ყველაფერს მართავდა, გადადგნენ სწორედ იმიტომ, რომ მელია არ დაეჭირათ“, – განაცხადა წულუკიანმა.