თეა წულუკიანი - „ევროპული საქართველოს“ შემოთავაზებული კრიტერიუმი ახალგამოგონილი არ გახლავთ, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს მომისმენია
„ევროპული საქართველოს“ შემოთავაზებული კრიტერიუმი ახალგამოგონილი არ გახლავთ, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს მომისმენია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მაშინ მე კი ვიყავი საკმაოდ ახალგაზრდა, მაგრამ მახსოვს, რომ ჯერ კიდევ 90-იან, 2000-იან წლებში, როდესაც ბატონი შევარდნაძე იყო ქვეყნის ხელმძღვანელი და სააკაშვილი მისი იუსტიციის მინისტრი, დადგა საკითხი ასე, რომ კრიტერიუმი ყოფილიყო მოსამართლის დანიშვნა-არდანიშვნის შეფასების დროს, გასაჩივრდა თუ არა სტრასბურგში მისი გადაწყვეტილება.
შესაბამისად, ეს ახალგამოგონილი კრიტერიუმი არ გახლავთ, ჯერ კიდევ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობისას მომისმენია ეს, თავად ვმუშაობდი რა სტრასბურგის სასამართლოში იურისტად და ყოფილა პოზიცია თავად კონვენციური ორგანოებისგან, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოსგან, რომ ამგვარი მოთხოვნა თვითონ ევროპულ სასამართლოს არ აქვს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ევროპული საქართველო“ მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე რამდენიმე ინიციატივით დღეს გამოვიდა.