თეა წულუკიანი – ჩვენ მივესალმებით, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა გაამკაცრონ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების განხილვის წესები

16:24, 06.03.2018

 

ევროკავშირის ქვეყნების მიერ საქართველოდან წასული თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების განხილვის წესების გამკაცრებას მივესალმებით,  – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თავშესაფრის მაძიებელთა საკითხი რთული პრობლემაა.

ამასთან, როგორც იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, გრძელდება მუშაობა იმაზე, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველო უსაფრთხო ქვეყანად გამოაცხადონ.

„ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა გაამკაცრონ საქართველოდან წასული თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების განხილვის წესები, დააჩქარონ მათი განხილვა. ასევე, ვმუშაობთ იმაზეც, რომ ევროკავშირის არაერთმა წევრმა ქვეყანამ საქართველო გამოაცხადოს უსაფრთხო ქვეყნად, რადგან ავტომატურად ითვლებოდეს ის, რაც არის რეალურად – ჩვენს ქვეყანაში ადამიანები არ იდევნებიან არც სიტყვის თავისუფლების გამო, არც პოლიტიკურად და არც სხვა ნიშნით. შესაბამისად, ყოვლად უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ სხვა ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ ეძიოს თავშესაფარი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანი განმარტავს, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო მოქალაქის მიერ ქვეყნის დატოვება, სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მოპოვების საფუძველი არ არის.

„თავშესაფარი ნიშნავს დევნილობას პოლიტიკური ან სხვა ნიშნით, რაც ჩვენს შემთხვევაში, ვერ იქნება საფუძვლიანი. ამიტომ  მივესალმებით იმას, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე, რადგან არ არსებობს ამის საფუძველი“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, თითოეულ მოქალაქეს ევალება დაიცვას მომავალი თაობებისთვის ისტორიული შედეგი – ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა.  „ჩვენს მომავალ თაობებს არ უნდა დავუკარგოთ ის, რაც  მრავალი თაობის მიერ ძნელად მისაღწევი იყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიაში თავშესაფარი მხოლოდ იანვარში საქართველოს 700-ზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა და მათგან თითქმის 100%-მა  უარი მიიღო.

მსგავსი