თეა წულუკიანი - ძალებს, რომლებსაც სურთ, დაიშალოს მთავრობა, მოირღვეს ხელისუფლება, სხვა გეგმები აქვთ, ეს გეგმები ვერ შესრულდება
თეა წულუკიანი - ძალებს, რომლებსაც სურთ, დაიშალოს მთავრობა, მოირღვეს ხელისუფლება, სხვა გეგმები აქვთ, ეს გეგმები ვერ შესრულდება

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს პრორუსული გადაწყვეტილებების მრავალი კასკადი მახსოვს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან განაცხადა 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებზე საუბრისას.

მისი თქმით, მომხდარის გამო, გადადგა ქვეყანაში რიგით მეორე პირი, ვინაიდან საპარლამენტო რესპუბლიკაში სახელმწიფოს მართავს პარლამენტი.

„რიგით მეორე პირი ამ ქვეყანაში, ვინც მართავს სახელმწიფოს, საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყანას მართავს პარლამენტი და არა გახარია, გადადგა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჯობდა, უფრო ადრე, მაგრამ გადადგა. ასეთი პასუხისმგებლობის აღება, ასეთი რანგის პირისგან მე წარსულში არ მახსოვს. წარსულზე აღარ ვილაპარაკოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ პრორუსული გადაწყვეტილებები ახსოვს წინა ხელისუფლების დროს.

ამასთან, მისი თქმით, ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგომამ არ დაამშვიდა გულწრფელი პროტესტის პირობებში შექმნილი დაძაბული ფონი.

„მას შემდეგ, რაც ეს გულწრფელი პროტესტი გასცდა მშვიდობიან ფარგლებს, სამართალდამცავმა ორგანოებმა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ქვეყანაში ქაოსის, შეჭრების და ასე შემდეგ, მოსაგერიებლად გამოიყენეს ძალა, რაც ლეგიტიმური მიზანია და ამისთვის გვყავს პოლიცია და თუ არა, მაშინ პოლიცია არ უნდა გვყავდეს. უმრავლეს შემთხვევაში, ეს ძალა იყო ლეგიტიმური მიზნის პროპორციული. ტესტი, ვფიქრობ, შესრულებულია და ადამიანის უფლებების დარღვევა უმრავლეს შემთხვევებში არ არის. ამას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი, როდესაც თქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქ კითხვები არ აქვთ. მაგრამ კითხვის ნიშნები არის, ამიტომ დაიწყო სწორედ გამოძიება, ინდივიდუალურ შემთხვევებში იყო თუ არა ძალის გადამეტება, ანუ ტესტი დარღვეული, რა შემთხვევაშიც უნდა ვისაუბროთ ადამიანის უფლებების ინდივიდუალურ შემთხვევებში დარღვევებზე“, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ სხვა გეგმები აქვთ ძალებს, რომლებსაც მისი თქმით, თავრობის დაშლა და ხელისუფლების რღვევა სურთ.

„ვფიქრობ, ძალებს, ვისაც სურს, რომ დაიშალოს მთავრობა, მოირღვეს ხელისუფლება, აქვთ სხვა გეგმები. ეს გეგმები ვერ შესრულდება. მე გუშინ ძალიან ყურადღებით ვუსმენდი ჩემს კოლეგას (გიორგი გახარიას), არ ვიცოდი, წინასწარ რას იტყოდა და მან თქვა ასეთი რამ: თუ მე მაკრიტიკებენ, იყოს ეს ჩემი ტვირთი, მაგრამ ჩემი მიზანი არის სტაბილურობის უზრუნველყოფა, თუმცა მე არ ვარ ჩაბღაუჭებული ჩემს სავარძელს. თუ ჩვენ ამის გაგონება არ გვინდა, შევთანხმდეთ მაშინ, რომ ამის გაგონება არ გვინდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, მისი თქმით, არავის გადადგომა არ იგეგმება.

„გადადგომები არ იგეგმება. რაც შეეხება იმას, მოახდენს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გამოძიებაზე ზეწოლას, ამას დავაკვირდეთ ყველა ერთად. ვერ შევატყვე ამ ადამიანს განზრახვა, რომ სათავისოდ მოაბრუნოს სიტუაცია. პირიქით, ვფიქრობ, თუ ვინმე არის დაინტერესებული, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება, ეს არის სწორედ გიორგი გახარია და არა, თქვენ ან მე. პირველ რიგში, ის არის დაინტერესებული, დადგინდეს სიმართლე“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.