თეა წულუკიანი – დრო, რაც მაჟორიტარს საარჩევნო კამპანიისთვის სჭირდება, არის იმდენად ძვირფასი, რომ პირველ რიგში, ისინი უნდა გამოიკვეთონ

23:58, 21.07.2020

დრო, რაც მაჟორიტარს საარჩევნო კამპანიისთვის სჭირდება, არის იმდენად ძვირფასი, რომ პირველ რიგში, ისინი უნდა გამოიკვეთონ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„მე პირადად, სამი-ოთხი კვირა დამჭირდა იმისთვის, რომ ნაძალადევში საარჩევნო შტაბი ამეწყო ისე, რომ შემდეგ, ყოველდღიურ რეჟიმში შემძლებოდა შეხვედრებზე სიარული და ამომრჩევლებთან შეხვედრა. შესაბამისად, ეს დრო, რაც მაჟორიტარს სჭირდება, არის იმდენად ძვირფასი, რომ პირველ რიგში, ისინი უნდა გამოიკვეთონ. მე მართლაც ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკურად სწორედ ეს არის სწორი. ამასობაში, სია და პროგრამა, რა თქმა უნდა, ქვეყნდება და ეს ყველაფერი ემთხვევა დროში იმას, რომ პარტიაც და მაჟორიტარიც პროგრამასთან და იმ ადამიანებთან ერთად, ვინც შეიძლება, პოლიტიკური გუნდის ნაწილი იყოს, მაგრამ კანდიდატი არ იყოს, ებმება ველზე ამომრჩეველთან მუშაობაში“, – განაცხადა წულუკიანმა. 

ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი აქტიური საარჩევნო კამპანია მაჟორიტარების წარდგენით და არა მაგალითად, პროგრამის, ან სიის წარდგენით.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან ეს ნაბიჯი სიმბოლურიც იყო.

„ესენი ჩვენი ისტორიული განვითარების ამ ეტაპზე ალბათ, მაინც ბოლო მაჟორიტარები არიან, რადგან 2024 წელს ჩვენ ეს სისტემა აღარ გვექნება და მხოლოდ პარტიებზე ვისაუბრებთ. ამიტომ, ეს ნაბიჯი ალბათ, სიმბოლურიც იყო. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, ვინც ყოველთვის ვთვლიდი, რომ მაჟორიტარული სისტემა ასე თავში წამოსაკრავი არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, სწორია ის, რომ ჩვენ წავედით უფრო მეტად პროპორციული მოდელით. ეს უფრო მეტად დაბალანსებულ დემოკრატიულ სისტემას შესთავაზებს ჩვენს ქვეყანას და ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას უფრო მეტად სჭირდებოდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი