თეა წულუკიანი - დიდი იმედი გვაქვს, ჰააგაში სწორედ ქართველი კანდიდატი დაიკავებს აღმოსავლეთ ევროპული კვოტით მოსამართლის პოზიციას
თეა წულუკიანი - დიდი იმედი გვაქვს, ჰააგაში სწორედ ქართველი კანდიდატი დაიკავებს აღმოსავლეთ ევროპული კვოტით მოსამართლის პოზიციას

დიდი იმედი გვაქვს, რომ ჰააგაში სწორედ ქართველი კანდიდატი დაიკავებს აღმოსავლეთ ევროპული კვოტით გათავისუფლებულ პოზიციას მოსამართლისა, რომელსაც ამჟამად ჩეხი მოსამართლე იკავებს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე – ეს არის ჰააგის სასამართლოს მოსამართლის პოზიცია, კონკურენცია გაუწიოს სხვა აღმოსავლეთ ევროპელ კონკურენტ კანდიდატებს და წარმატების შემთხვევაში, რომლის დიდი იმედიც გვაქვს, სწორედ ქართველმა კანდიდატმა დაიკავოს აღმოსავლეთ ევროპული კვოტით გათავისუფლებული პოზიცია მოსამართლისა, რომელსაც ამჟამად ჩეხი მოსამართლე იკავებს. მას უფლებამოსილების ვადა უსრულდება გაისად.

კონკურსი გამოცხადებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ, რომელიც მხოლოდ წერითი დავალების ადმინისტრირებას უზრუნველყოფს. მათ მიერ მოწვეულნი არიან ჰააგის სასამართლოს სისტემაში მუშაობის გამოცდილების მქონე კონსულტანტები, რომლებიც კანდიდატთა მიერ შესრულებულ წერით დავალებას ქულებით შეაფასებენ და შემდეგ მთავრობა გადააგზავნის პარლამენტში კანდიდატთა სიას, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მოსამართლეთა კანდიდატთა მოსმენისა და კენჭისყრის წესით შეირჩევა ქართველი კანდიდატი, 2020 წლის დეკემბერში, რომ იყაროს მან კენჭი“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.