დავით ხიდაშელი ამბობს, რომ შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან არ შემდგარა და მოცემული ბიზნესმენი გადამისამართდა ბიზნესწრეებთან, როგორც ეს ყველა ნებისმიერი ბიზნესმენის შემთხვევაში ხდება ხოლმე, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
წულუკიანმა კომენტარი გააკეთა „კიბერ კმარას“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ბიზნესმენი ვლადიმერ ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილს ურეკავს.
„ეს ყველაფერი, რა აჟიოტაჟიც არის ამტყდარი ამ ვითომ რეალურ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომც დავუშვათ, რომ რეალობას ასახავს, მიზნად ისახავს კვლავ და კვლავ იმას, რომ ხავსს ეჭიდებით; ცდილობთ, წარმოაჩინოთ საქართველო, მისი ხალხი და რაც ასევე ხაზგასმულია ხოლმე თქვენი მხრიდან, მისი მთავრობა, ამ ქვეყნის მთავრობა – შეგახსენებთ, დემოკრატიული წესით ხალხის მიერ არჩეული, რომ თითქოს, ეს მთავრობა არის ხელშემწყობი გარკვეული ნეგატიური პროცესებისა უკრაინის მიმართ; იმ უბედურების კონტექსტში, რაც უკრაინაში ტრიალებს, ცდილობთ თქვენ წარმოაჩინოთ, რომ თქვენი ქვეყნის მთავრობა არის თქვენთვისვე საძრახისი საქციელით დაკავებული. აი, ეს ხდება, მეტი არაფერი.
სინამდვილეში, ჩვენ ვნახეთ, რომ ბატონი დავით ხიდაშელის რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნებული განცხდებიდანაც ირკვევა, რომ არის მონაწილე ამ ურთიერთობების ბატონ ევტუშენკოვთან და შუამავლობდა იმისთვის, რომ მოცემული ბიზნესმენი, მისივე გავლით საქართველოში დაკავშირებულიყო სხვადასხვა წრეებს. ასევე, ბატონი დავითი და, მადლობა მას ამ განცხადებისთვის, რამაც სინათლე შეიტანა ფაქტებში, ამბობს, რომ ეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან არ შემდგარა და მოცემული ბიზნესმენი გადამისამართდა ბიზნეს წრეებთან, როგორც ეს ყველა ნებისმიერი ბიზნესმენის შემთხვევაში ხდება ხოლმე. ამ ყველაფრის ფონზე ვხედავთ ასევე სხვა განცხადებებს. ერთი მხრივ, აჟიოტაჟი, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ცრუ აჟიოტაჟი, ამტყდარი არაფრის გამო; და მეორე მხრივ, უკვე ტრადიციულად ქცეული ბატონი არესტოვიჩის შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომელიც უკვე პრაქტიკულად ბოლომდე გშიფრავთ თქვენ და თქვენს მხარდამჭერებს და ამბობს, რომ ჩვენ – საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, სწორედ იმიტომ ვართ მავანისთვის მიუღებელი, რომ ჩვენ არ ვართ ომის ადამიანები და არ ვიწყებთ ომს ჩვენივე ქვეყანაში იმისთვის, რომ რუსეთის ყურადღება და სამხედრო ძალები გადანაწილდეს უკრაინასა და სხვა ფრონტებს შორის. დიახ, მე ვადასტურებ, როგორც ამ მთავრობის წევრი, რომ ამ მთავრობაში, დღეს საქართველოში არ არიან ომის ადამიანები. ჩვენ ვართ მშვიდობის ადამიანები, ჩვენ ვართ სტაბილურობისთვის მებრძოლი და მომუშავე გუნდი, რომელიც უკვე ამდენი წელია – 10 წელი ხდება ზუსტად მალე, პირველ ოქტომბერს მოვედით 10 წლის წინ ხელისუფლებაში. ერთი დღე არ გასულა ამ 10 წლის განმავლობაში, რომ არ გვეფიქრა იმაზე, როგორ უზრუნველვყოთ მუდმივად და რაც შეიძლება დიდხანს და განგრძობად რეჟიმში ამ ქვეყანაში სტაბილურობა; რომ როგორმე იქნებ მივაღწიოთ ცოტა უფრო განვითარებულ სახელმწიფოს, მყარ ინსტიტუტებს და დავუტოვოთ ეს მომავალი თაობების მთავრობებს. რა თქმა უნდა, ეს თქვენი პრიორიტეტი არ არის, თქვენი პრიორიტეტი არის ომი და ამას ადასტურებს უკვე ბატონი არესტოვიჩიც, რომ სააკაშვილი რომ იყოს დღეს ხელისუფლებაში, საქართველო იქნებოდა ომის ალში გახვეული; სწორედ ეს არის ის, რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ, არ ვაკეთებთ და ჩვენი პოლიტიკა ომი არ იქნება. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ გავარდეს ტყვია. რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, როგორც აქ იგულისხმება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, ასევე ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, არც ერთ ამ ადგილას არ მოხდეს დაპირისპირება. ვინაიდან ჩვენ მოვდივართ ომებიდან, ჩვენ ვართ ის თაობები, ვინც ომები გამოვიარეთ, არაერთი ომი და მე არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი – მეც ამ თაობის შვილი ვარ და მგონია, რომ საქართველო იყო პირველი ფრონტი. რამდენჯერმე იყო ის ფრონტი რუსეთთან დაპირისპირების. ჩვენი დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა და ის მშვიდობა, რომელიც დღეს ძალიან დიდი ღირებულებაა, არის სისხლით მოტანილი. ჩვენ ეს სისხლი აღარ გვინდა, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს მინიმუმ ის პირობები, რაც დღეს არის. ანუ მყიფე მშვიდობა, მაგრამ მშვიდობა და განვამტკიცოთ ეს მშვიდობა უფრო მეტად.
ალბათ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაზე უკეთ იცის, ვის შეხვდა და შესაბამისად, მე გეუბნებით, რომ ეს შეხვედრა ვერ შედგა, ვინაიდან პრემიერმა გადაწყვიტა, რომ გადამისამართებულიყო ბიზნესმენი ბიზნეს წრეებთან. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ძალიან ხშირად, დღეს კიდევ მორიგჯერ ახსენეთ ეს ადამიანი და მეკითხებით, არის თუ არა ის ჩრდილოვანი მმართველი. რასაკვირველია ის მმართველი აღარ არის, ეს იცის პატარა ბავშვმაც. ის არც ჩრდილოვანი მმართველია. ის არსებობს, ის ცოცხალია, დიდხანს იქნება ჯანმრთელი, დიდხანს იქნება ბედნიერად ამ ქვეყნისთვის, როგორც სტაბილურობის გარანტი იყო მრავალი წლის მანძილზე. ის, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რაც არ უნდა ეს თქვენ მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ, რადგან თავის დროზე შეგახსენებთ მოქალაქეობაც წაართვით, ის დღეს ამ ქვეყნის მოქალაქეა, ის აგრძელებს მოღვაწეობას და ამას სწორედ ეს სიტყვა ჰქვია, ეს არ არის უბრალო საქმიანობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რაც თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ვალია. ეს თქვენ გადგათ ყელზე და ასე იქნება მუდამ, მაგრამ ეს ადამიანი არსებობს და დიდხანს იქნება კიდევ ჯანმრთელი და ცოცხალი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.