თეა წულუკიანი - დავით ჭაკუა ექსტრადირების პროცესში გერმანელებს ეუბნებოდა, რომ საქართველოში არ არის სამართლიანი სასამართლო, თუმცა გერმანიამ ეს არ გაიზიარა
თეა წულუკიანი - დავით ჭაკუა ექსტრადირების პროცესში გერმანელებს ეუბნებოდა, რომ საქართველოში არ არის სამართლიანი სასამართლო, თუმცა გერმანიამ ეს არ გაიზიარა

საქმეზე, რომელზეც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ჭაკუა არის ბრალდებული, მან დღეს ღამით დაიწყო სასჯელის მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე, ის ჩვენ შევასახლეთ ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში, ე.წ. საკარანტინო სივრცეში, სადაც მისი ყველა უფლება, მათ შორის სამედიცინო უფლებები, როგორც ნებისმიერი პატიმრისა ჩვენს სისტემაში, იქნება დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შარშან დეკემბერში მიმართა გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებს დავით ჭაკუას ექსტრადიციის მოთხოვნით.

„დავით ჭაკუას ექსტრადიციის პროცესში მთავარი როლი საქართველოს გენერალურ პროკურატურას ეკუთვნოდა, რომელმაც შარშან დეკემბერში მიმართა გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებს მისი ექსტრადიციის მოთხოვნით და როგორც ჩანს, სწორედ შარშან უნდა იყოს მოცემული ძებნილი პირი გერმანიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნიდან შესული, ჩვენი ინფორმაციით ავსტრიიდან, მაგრამ ამას დღეს უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან სწორედ მიმდინარე წელს, მარტის თვეში მოხდა დავით ჭაკუას გერმანიაში დაპატიმრება საექსტრადიციო მიზნებისათვის და დაკმაყოფილდა ქართული მხარის მოთხოვნა მისი საქართველოში ექსტრადიციის შუამდგომლობა“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი ინფორმაციით, ძებნილი დავით ჭაკუა გერმანიის სასამართლოების წინაშე აცხადებდა, რომ მისი ექსტრადიცია საქართველოში არ შეიძლება, ვინაიდან ის ვერ ისარგებლებდა სამართლიანი სასამართლოს უფლებით და გახდებოდა პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, არც ერთი ეს არგუმენტი გერმანიის სასამართლომ არ გაითვალისწინა.

„მნიშვნელოვანია, რომ ძებნილი გერმანიის სასამართლოების წინაშე აცხადებდა, რომ მისი ექსტრადიცია საქართველოში არ შეიძლება ვინაიდან ის ვერ ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რომ ის გახდება პოლიტიკური დევნის მსხვერლი. არც ერთი ეს არგუმენტი გერმანიის სასამართლოების მიერ არ იქნა გაზიარებული. დაკმაყოფილდა ქართული მხარის მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ და „კოვიდიდან“ გამომდინარე არსებული გამოწვევების მიუხედავად, შევძელით ფრენის ორგანიზება და ვიდრე 22 ივლისს ძებნილ პირს ამოეწურებოდა საექსტრადიციო პატიმრობის ვადა, შევძელით იუსტიციის სამინისტროს ესკორტის ოფიცრების გაგზავნა გერმანიაში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სწორედ ამისთვის გერმანიის იუსტიციის სამინისტროს, ვინაიდან ამ თანამშრომლობის გარეშე, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების კონტექსტში, შესაძლო იყო, რომ ვერც მომხდარიყო ექსტრადიციის პროცესი. ძალიან აქტიურად იმუშავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინტერპოლმა და ჩვენმა საელჩომ ბერლინში, რომლებმაც გააადვილებს „კოვიდ-19“-დან გამომდინარე მივლენებით გამოწვეული ძალიან ბევრი პრობლემების გადაჭრა“, – აცხადებს წულუკიანი.

მისივე თქმით, დავით ჭაკუას აქვს გასაჩივრების უფლება და თუ ის საქართველოს ტერიტორიაზე გაასაჩივრებს განაჩენს, ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

„იმ საქმეზე, რომელზეც დავით ჭაკუა არის ბრალდებული, მან დღეს ღამით დაიწყო სასჯელის მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე, ის ჩვენ შევასახლეთ ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში, ე.წ. საკარანტინო სივრცეში, სადაც მისი ყველა უფლება, მათ შორის სამედიცინო უფლებები, როგორც ნებისმიერი პატიმრისა ჩვენს სისტემაში, იქნება დაცული. მხოლოდ 21 დღის შემდეგ მოცემული პატიმარი, როგორც სხვა ნებისმიერი მსჯავრდებული, თუ კი ჯანმრთელი აღმოჩნდება და ამის დიდი იმედი გვაქვს, დატოვებს საკარანტინო სივრცეს და შესახლებული იქნება სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში და როგორც ნებისმიერი მსჯავრდებული მოიხდის სასჯელს. მას აქვს გასაჩივრების უფლება და თუ ის საქართველოს ტერიტორიაზე გაასაჩივრებს განაჩენს, ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ჭაკუა ექსტრადირების პროცესში გერმანელებს ეუბნებოდა, რომ საქართველოში არ არის სამართლიანი სასამართლო, ეს არ იქნა გერმანიის მიერ გაზიარებული და მას შეუძლია, რომ ქართულ სასამართლოში, თუ კი აქვს სათანადო არგუმენტები, ეძიოს საკუთარი სიმართლე. რაც შეეხება ბრალდებულის სტატუსს, რომელიც მას აქვს ე.წ. ციხის კადრების საქმეზე, აქ შედგება პროცესები“, – განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით, გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას ექსტრადიცია გუშინ განხორციელდა.

დავით ჭაკუას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ბაჩო ახალაიასთან, რევაზ ჭარბაძესთან და მეგის ქარდავასთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა.

ამ საქმეზე დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და წამების ბრალი დაუმტკიცდა, საბოლოო სასჯელად კი, სამი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.