თეა წულუკიანი - დაქსაქსული, მრავალთავიანი, შიდა პეიზაჟზე მრავალი აქტორით წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რევანშისტული ქმედებებით სიტუაცია არიოს
თეა წულუკიანი - დაქსაქსული, მრავალთავიანი, შიდა პეიზაჟზე მრავალი აქტორით წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რევანშისტული ქმედებებით სიტუაცია არიოს

ახლა უკვე დაქსაქსული, მრავალთავიანი, შიდა პეიზაჟზე მრავალი აქტორით წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რევანშისტული ქმედებებით სიტუაცია არიოს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ბოლო წლების თანმიმდევრულ ანალიზს თუ გავაკეთებთ, ამჯერად არის მორიგი კულმინაცია იმ მწვავე პროცესებისა, რომელიც 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე მიმდინარეობს. ვერა და ვერ დამშვიდდა ქვეყანა და საზოგადოება. რა თქმა უნდა, ეს ფაქტები, გარკვეული ძალების განცხადებები, გადაწყვეტილებები, ქმედებები თუ უმოქმედობა, ნათლად ადასტურებს იმას, რომ რეალურად, სახეზეა ორკესტრირებული პროცესი. შეიძლება, ეს არ იყოს მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ ორგანიზებული და იყოს გარკვეული ძალების მიერ ორგანიზებული, რომლებიც ყველაფრის ფასად ცდილობენ, ხელისუფლებიდან მოაშორონ არჩეული ხელისუფალი. ეს ნამდვილად ცალსახაა და მე არც კი მგონია, რომ აქ შეიძლება, უბრალოდ, განწყობაზე ვისაუბროთ, რომ მე ასე ვფიქრობ. არა, ეს არის ლოგიკური ანალიზის შედეგი, დასკვნის სახით და ამას ოპერატიული ინფორმაცია არც სჭირდება“, – განაცხადა წულუკიანმა. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა შეფასებული 5 ივლისს მოსალოდნელი რისკები, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ყველა სტრუქტურა იყო ერთმანეთთან კოორდინაციაში, რათა რისკების შეფასება მომხდარიყო.

„რაც შეეხება დაკავებებს, ათეულობით, ასზე მეტი ადამიანია დაკავებული, რამდენიმე ათეული სისხლის სამართლებრივი წესით ზის საპატიმროში, დანარჩენები კი ადმინისტრაციულ პატიმრობაში არიან. გამოყვანილი თუ არ იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი, თუ დღეს როგორც ჰქვია, ამაზე დარწმუნებული ვარ, შესაბამის მინისტრს ძალიან კონკრეტული და ლეგიტიმური პასუხები აქვს. არ ვიცი, ეს რამდენად შეამსუბუქებდა მდგომარეობას. როგორც წესი, ასეთი რაზმი რომ გამოდის, მას აქვს რეაქციის დავალება და ჩვენ ვნახეთ, რა მოიტანა ერთხელ ამან, მაგრამ იმაში ვერ დაგეთანხმებით, რომ ქუჩაში გამოსული ვინც იყო, ათასობით პოლიციელი, გაწვრთნილი ძალა არ იყო. ქუჩაში იყო ის, ვინც იცის ამის მართვა, თორემ პოლიციური ძალები გაცილებით მრავალრიცხოვანია“, – განაცხადა წულუკიანმა.