თეა წულუკიანი - დამნაშავის შეპყრობას ადამიანის სიცოცხლეზე წინ არასდროს დავაყენებთ, ვისაც ეს არ მოსწონს, მინდა, გავიზიარო მათი მწუხარება
თეა წულუკიანი - დამნაშავის შეპყრობას ადამიანის სიცოცხლეზე წინ არასდროს დავაყენებთ, ვისაც ეს არ მოსწონს, მინდა, გავიზიარო მათი მწუხარება

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-4 ნომერი თეა წულუკიანი ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მადლობას უხდის შსს-ს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ავთო გალდავას და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მთელ შემადგენლობას.

წულუკიანის თქმით, ის, რომ საპოლიციო ღონისძიებისას არავინ დაშავებულა, არის მთლიანად სახელმწიფო სტრუქტურების და პოლიციის დამსახურება.

„მას შემდეგ, რაც ზუგდიდში ყველამ ვიხილეთ ძარცვა და ათეულობით ადამიანის მძევლად აყვანა, პირველად მეძლევა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა და მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო შსს-ს, მთლიანად სისტემას, უფრო კონკრეტულად ბატონ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მთლიან შემადგენლობას და ალბათ არავინ არ მიწყენს, თუ ბატონ გალდავას ცალკე გამოვყოფ და ვიტყვი, რომ ნამდვილად საამაყოა, როდესაც ქართულ პოლიციაში არსებობენ ასეთი ადამიანები. დარწმუნებული ვარ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში ბევრი პოლიციელი იყო, ვინც ბატონ ავთო გალდავას ადგილას ყოფნისთვის თვალსაც არ დაახამხამებდა ისე გააკეთებდა ამ არჩევანს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
შესაბამისად, ეს მადლობა ეკუთვნით მათ. ჩემი მხრიდან, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქიდან, მადლობა ეფუძნება იმას, რომ ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლისღვრა, ეს არის მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურების და პოლიციის დამსახურება, რომელსაც თქვენ, სამწუხაროდ, ჩამოშლილს უწოდებთ. თქვენ თუ ეს ჩამოშლად მიგაჩნიათ, ალბათ არჩამოშლად მიიჩნევდით იმას, რომ ღმერთმა დაგვიფაროს და გაგვღვიძებოდა ისეთ ზუგდიდში, სადაც ტროტუარი მოფენილი იქნებოდა გვამებით.ალბათ ეს უფრო იქნებოდა მავანისთვის სასიხარულო. მადლობა პოლიციას, რომ ეს ასე არ მოხდა. ბატონი მინისტრი პირველი საათებიდანვე ზუგდიდში იმყოფებოდა და პირადად მართავდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის ამ პროცესს.მიკვირს, ადამიანებს არ მოსწონთ ის, რომ ადამიანების სიცოცხლე იქნა გადარჩენილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანის განმარტებით, პოლიციელის უპირველესი მოვალეობაა, გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და შემდეგ იზრუნოს დამნაშავის დაკავებაზე.

„რაც შეეხება დამნაშავის შეპყრობას, მინდა, ყველას შეგახსენოთ რაც არის საერთაშორისო, ევროპული სტანდარტი – როდესაც სახელმწიფოს და კონკრეტულად პოლიციელს აქვს არჩევანი, გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე, თუ შეიპყროს დამნაშავე, ადამიანის უფლებების სტანდარტი ამბობს, რომ პოლიციელის პირველი ვალდებულებაა, ჯერ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და შემდეგ იზრუნოს დამნაშავის შეპრყობაზე. შესაბამისად, ჩვენი პოლიცია და სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობენ სწორედ ამ სტანდარტით. ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთი ოპონენტი სხვა სტანდარტის დაცვისკენ მოგვიწოდებს, თითქოს მთავარი უნდა ყოფილიყო დამნაშავის შეპყრობა და ვინც გარდაიცვლებოდა, გარდაიცვლებოდა, რა ვქნთ მერე. მაგრამ ჩვენ არ ვართ ასეთი მთავრობა. ვისაც ეს არ მოსწონს, მინდა, გავიზიარო მათი მწუხარება, მაგრამ ჩვენ არასდროს დავაყენებთ დამნაშავის შეპყრობის პრიორიტეტს უფრო წინ, ვიდრე არის ათეულობით ადამიანის სიცოცხლე. დამნაშავე არის იდენტიფიცირებული. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგიერთმა პარტიულმა ტელეარხმა პირდაპირ შეუშალა ხელი და შსს-ს მოწოდების მიუხედავად, ზოგიერთმა თქვენგანმა მაინც გაავრცელეთ დამნაშავის ვინაობის შესახებ ინფორმაცია. პირდაპირ გეუბნებით, რომ ამით თქვენ, ამ ტელეარხებმა, ხელი შეუშალეთ გამოძიებას, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერი კეთდება, რათა დამნაშავე მოკლე ვადებში იქნას შეპყრობილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. მათივე ცნობით, მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.