თეა წულუკიანი - დაკავებული ძებნილი მსჯავრდებული კლინიკაში განთავსდა ისე, რომ შეხება არ ჰქონია არა თუ ციხესთან, ციხის პერიმეტრთანაც კი
თეა წულუკიანი - დაკავებული ძებნილი მსჯავრდებული კლინიკაში განთავსდა ისე, რომ შეხება არ ჰქონია არა თუ ციხესთან, ციხის პერიმეტრთანაც კი

დაკავებულ ძებნილ მსჯავრდებულს გუშინ, მე-18 დღეს უკვე „პისიარ“ ტესტით, რამდენიმე დღით ადრე კი, სწრაფი ტესტით დაუდასტურდა კორონავირუსი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„ჩვენ მაშინვე გავავრცელეთ ინფორმაცია, რადგან გამჭვირვალობა და ღიაობა უმნიშვნელოვანესია და ამის მაგალითს მთავრობა პირველი დღიდანვე აჩვენებს. ეს ადამიანი დღეს მკურნალობის რეჟიმშია ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში და მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს ეპიდემიოლოგებს, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს იმისთვის, რომ ისინი დროულ რეაგირებას ახდენენ ნებისმიერ შემთხვევაზე, რომელიც შეიძლება, პირდაპირ, ან არაპირდაპირ იყოს პატიმართან კავშირში“, – განაცხადა წულუკიანმა. 

მისი თქმით, 5 მარტს პატიმრობის კოდექსის საფუძველზე საპატიმროებში შემოღებულ იქნა განსაკუთრებული პირობები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წესი და არც ერთი ახალდაკავებული პატიმარი არ ხვდებოდა არც გლდანის და არც ქუთაისის მიმღებ ციხეში, სადაც ბრალდებულები არიან მოთავსებული.

„ისინი საკარანტინო სივრცეებში თავსდებოდნენ. ამისთვის ცალკე კორპუსები გამოვყავით და თუ რომელიმე უცხოეთიდან შემოსული იყო, ის არც ციხის საკარანტინო სივრცეში არ თავსდებოდა. ის პირდაპირ ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში მიდიოდა, სადაც სწორედ სარფში, 24 აპრილს, დაკავებული ძებნილი მსჯავრდებული იქნა განთავსებული ისე, რომ მას არავითარი შეხება არ ჰქონია არამც თუ ციხესთან, ციხის პერიმეტრთანაც კი. ჩვენ მათ იქ 21 დღე ვტოვებთ, თავის დაცვის მიზნით და 14 დღიდანვე, ეგრევე არ შეგვყავს ციხეში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.