თეა წულუკიანი - ცრუ დადებითს უნდა ვებრძოლოთ, განათლებისა და კულტურის სისტემები ამაზეც უნდა მუშაობდნენ, თუ გვინდა, რომ გვყავდეს არა მხოლოდ ფეხის ხმას აყოლილი, არამედ რეალურად თავისუფალი ადამიანი
თეა წულუკიანი - ცრუ დადებითს უნდა ვებრძოლოთ, განათლებისა და კულტურის სისტემები ამაზეც უნდა მუშაობდნენ, თუ გვინდა, რომ გვყავდეს არა მხოლოდ ფეხის ხმას აყოლილი, არამედ რეალურად თავისუფალი ადამიანი

ჩვენ ვცხოვრობთ ტრენდების ხანაში, არ მიყვარს უცხოური სიტყვების გამოყენება, მაგრამ ტრენდი შევარჩიე მაინც, რადგან ეს ჩვენი რეალობაა, – ამის შესახებ მის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა.

„არის ტრენდები, რომლებიც კარგია, მაგრამ არის ტრენდები, რომელიც მე მაგალითად მაწუხებს და დარწმუნებული ვარ, არ ვარ მარტო. ყველაზე ნაკლებად შემაწუხებელი, მაგრამ მაინც მგონია, რომ არასწორი ტრენდია ის, რაც წეღან ვახსენე – როგორ ქმედით ნაბიჯებს უნდა ვდგამდეთ მაშინ, როდესაც რაღაცნაირად კარგ ტრენდად, თუ ტონად ჩამოყალიბდა, რაც უფრო მეტ უცხოურ სიტყვას იტყვი. სხვა ტრენდები, რომლებიც პირდაპირ მავნებლობაა – მაგალითად, ტრენდი იმის შესახებ, რომ თავისუფლება აბსოლუტურად ყველაფრის უფლებას ნიშნავს. თავისუფლება ყველაფრის უფლება არ არის, თავისუფლება ალბათ უფრო არის თითქმის ყველაფრის უფლება. თითქმის არის ძალიან პატარა სიტყვა, მაგრამ ამ თითქმისის შინაარსი რა არის, როგორ უნდა ვასწავლოთ ეს ბაღში, სკოლაში და შემდეგ დავხვეწოთ შინაარსი უმაღლეს სასწავლებელში. ასევე, ტრენდი, რომელიც ჩემი აზრით, პირდაპირ მავნებლობაა, მაგრამ კარგ ტონად აყალიბებს მავანი – სიტყვა სამშობლო მხოლოდ ჩამორჩენილი ადამიანების და ასე ვთქვათ, არამისაბაძი ადამიანების ლექსიკაშია შემორჩენილი. თუ ხარ დაწინაურებული, რუსულ სიტყვას არ გამოვიყენებ, იცით რასაც ვგულისხმობ, მაშინ საკუთარ სამშობლოს უნდა ექილიკო, დასცინო და თუ კიდევ უფრო მაგარი ხარ, აგინო კიდეც. მაგალითად, ტრენდი იმის შესახებაც, რომ გაბედული თუ ხარ, მაგალითად 9 აპრილის მემორიალზე დადგები და საკმაოდ კარგად იცეკვებ“,- აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, „ალბათ, ბაღის ასაკიდან უნდა ვუხსნიდეთ ადამიანებს, რა არის გმირობა, სწორედ იმ გმირების მაგალითზე, ვინც ეს ოკუპირებული ქვეყანა დღემდე მაინც ქვეყნად და სახელმწიფოდ შეინარჩუნა საუკუნეების მანძილზე და თუნდაც აგვისტოს ომის დროს გმირობა ჩაიდინა“.

„ჩვენდა სამწუხაროდ, ზოგიერთი ახალგაზრდა იზიარებს და უნდა გვაშფოთებდეს ის, მე მაშფოთებს და ვიცი, რომ არ ვარ ამაში მარტო – ჩემს მშობლიურ უბანში, თბილისში, ე. წ პლეხანოვზე ისეთი ანტისახელმწიფოებრივი იდეებით მანიპულირების შედეგად, როგორიცაა, მაგალითად „გახდი ეპისკოპოსი“ და არ წახვალ ჯარში, არაერთმა განათლებულმა და ძალიან პატივსაცემმა ახალგაზრდა ადამიანმა ანტისახელმწიფოებრივად მოქმედ პოლიტიკურ ძალას მასობრივად მისცა ხმა. ასეთ ტრენდებსა და ცრუ დადებითს უნდა ვებრძოლოთ, ხარისხიანი განათლების მიცემის გარდა, განათლებისა და კულტურის სისტემები ამაზეც უნდა მუშაობდნენ, თუ ჩვენ გვინდა გვყავდეს არა მხოლოდ ფეხის ხმას აყოლილი ადამიანი და ახალგაზრდა, არამედ რეალურად თავისუფალი ადამიანი.

კითხვა ჩნდება, რა გვინდა ჩვენ განათლების სისტემისგან, ამას ყველა კითხულობს, ყველას ჩვენ ჩვენი პასუხი გვაქვს. ჩემს განწყობას ყველაზე კარგად რაც გამოხატავდა, არის შემდეგი – მაგალითად, თუ ჩვენ თანამედროვე ახალგაზრდა გოგოებს ვკითხავდით და მათ რაღაცნაირად შევატყობდით, რომ თვალები არ გაუნათდათ, გული სხვანაირად არ აუჩქროლდათ, როდესაც უხსენებ ბაშალეიშვილის, ბეჟანიშვილის, ჭოველიძის გვარებს, ე.ი ჩვენ განათლების სისტემაში ცოტა საჭე უნდა გავასწოროთ და ამაში, რა თქმა უნდა, კომიტეტის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ თანამედროვე ბიჭებს ვკითხავდით და აღმოჩნდებოდა, რომ შერცხვებოდათ, მაგრამ მაინც იტყოდნენ, რომ ქალი პრინციპში ნივთია და ცოლი მომსახურე პერსონალია მხოლოდ, ან კიდევ უფრო დიდი ტრაგედია – ვინმე იფიქრებდა ახალგაზრდებში, რომ ქალებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალი, თბილისში რომ დგას შემოსასვლელში და ქართლის დედა ჰქვია, რა უნდა და რატომ დგას, ცოტა სხვანაირად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ტრენდების ნაწილია, რომ გაგვიქრონ მადლიერების განცდა და მადლობის თქმა იყოს სირცხვილი. დღეს თუ ჩვენ გვყავს დიდი ქართველი მეცენატი, მეცენატები, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, თუკი მათ ახსენებ და იტყვი მადლობას, მავანს სურს, დაამკვიდროს მავნებლური ტრენდი, რომ ეს სირცხვილია“,- განცხადა თეა წულუკიანმა.