თეა წულუკიანი - ჩვენმა ქვეყანამ ევროპულ გზაზე წარმატებული სიარული რომ გააგრძელოს, ალბათ აუცილებელია, ოპოზიცია დასერიოზულდეს, ტექნიკური მთავრობის შექმნის არავითარი საჭიროება არ არსებობს
თეა წულუკიანი - ჩვენმა ქვეყანამ ევროპულ გზაზე წარმატებული სიარული რომ გააგრძელოს, ალბათ აუცილებელია, ოპოზიცია დასერიოზულდეს, ტექნიკური მთავრობის შექმნის არავითარი საჭიროება არ არსებობს

ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია უკვე მეათე წელია ვერ ხდება და ალბათ იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ევროპულ გზაზე წარმატებული სიარული გააგრძელოს, აუცილებელია, რომ ოპოზიცია დასერიოზულდეს, ჩაერთოს იმ რეფორმების პროცესში, რომელიც მიჰყავს მმართველ პოლიტიკურ ძალას, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ტექნიკური მთავრობის შექმნის არავითარი საჭიროება ქვეყანაში არ არსებობს.

ტექნიკური მთავრობა რას ნიშნავს ეს ალბათ პირველ რიგში უნდა განვმარტოთ. ტექნიკური მთავრობები იქმნება ხოლმე, როდესაც პოლიტიკური პარტიის მიერ საპარლამენტო რესპუბლიკაში დაკომპლექტებული მთავრობა ვეღარ ასრულებს საკუთარ ფუნქციას, რადგან ან არჩევნების მიმართ არსებობს კითხვის ნიშნები, ან მომხდარია რევოლუცია, ან მთავრობა გადააყენეს, ან მთავრობა გადააგდეს და ასე შემდეგ. არც ერთ ამ შემთხვევასთან ჩვენ არ გვაქვს საქმე, ვინაიდან ტექნიკური მთავრობის შექმნის არავითარი საჭიროება ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. ტექნიკური მთავრობა ნებისმიერ დასავლეთ ევროპულ და დემოკრატიულ სახელმწიფოში იქმნება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გარკვეული დესტაბილიზაცია,  რყევები და არეულობა. ჩვენს ქვეყანაში არც დესტაბილიზაცია არსებობს, არც არეულობა და არც არჩევნების გზით დაკომპლექტებულ მთავრობას შორის ვაკუუმი არსებობს, რომ ეს ვაკუუმი შეავსონ ტექნოკრატებმა, ანუ საჯარო მოხელეები ინიშნებიან ხოლმე მინისტრებად, რომლებიც არ არიან პოლიტიკური პირები ან ინიშნებიან ექსპერტები დროებით მინისტრებად. ამის საჭიროება ვინაიდან არ არსებობს, რასაკვირველია ამდაგვარი ტიპის მოწოდებას აქვს მხოლოდ ერთადერთი მიზანი, რომ როგორმე გამოიწვიოს დესტაბილიზაცია ქვეყანაში. ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია უკვე მეათე წელია ვერ ხდება და ალბათ იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ევროპულ გზაზე წარმატებული სიარული გააგრძელოს, აუცილებელია, რომ ოპოზიცია დასერიოზულდეს, ჩაერთოს იმ რეფორმების პროცესში, რომელიც მიჰყავს მმართველ პოლიტიკურ ძალას და გასწიოს სერიოზული და პროფესიონალური ოპონირება სამუშაო გარემოში და არა ქუჩაში მთავრობის გადატრიალების მოთხოვნების ფონზე“, – განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს“.