თეა წულუკიანი - ჩვენი ვალია, შემოვკრათ განგაშის ზარს, ვიყოთ ფრთხილად, ნუ მივიყვანთ მდგომარეობას იქამდე, გამრავლდეს შემთხვევები, როდესაც არ გვეცოდინება ინფიცირების წყარო
თეა წულუკიანი - ჩვენი ვალია, შემოვკრათ განგაშის ზარს, ვიყოთ ფრთხილად, ნუ მივიყვანთ მდგომარეობას იქამდე, გამრავლდეს შემთხვევები, როდესაც არ გვეცოდინება ინფიცირების წყარო

ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ გახსნის ღონისძიებებს ვირუსის გარკვეული გამოვლინებები მოჰყვებოდა, მაგრამ, რასაც დღეს ვხედავთ, რამდენიმე შემთხვევაა და ინფიცირების წყარო ვერ დგინდება, ჩვენი ვალია, შემოვკრათ განგაშის ზარს, –  ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნასა და ეკონომიკის გახსნაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო.

„როდესაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ალბათ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ გახსნასთან დაკავშირებით ჩვენშიც და საზოგადოებასთანაც ალბათ არსებობდა ძალიან დიდი მოთხოვნა და მოლოდინიც. მიუხედავად ამ დიდი მოლოდინისა და მოთხოვნისა, შევძელით, რომ გახსნა ერთბაშად კი არ გაგვეკეთებინა, როგორც ეს ზოგიერთ ქვეყანაში მოხდა, არამედ ეს ყოფილიყო ეტაპობრივი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა მოლოდინი იმისა, რომ ამ გახსნის ღონისძიებებს ვირუსის გარკვეული გამოვლინებები მოჰყვებოდა, მაგრამ, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ და ჯერჯერობით, რა მომენტშიც ჩვენ ვსაუბრობთ, რამდენიმე შემთხვევაა და დაინფიცირების წყარო ვერ დგინდება, ჩვენი ვალია, რომ შემოვკრათ განგაშის ზარს და დღესვე გითხრათ, ვიყოთ ფრთხილად, ნუ მივიყვანთ მდგომარეობას იქამდე, რომ გამრავლდეს შემთხვევები, როდესაც არ გვეცოდინება დაინფიცირების წყარო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი საზოგადოებას მაქსიმალური და სიფრთხილისა და გონიერებისკენ მოუწოდებს.

„როგორც პრემიერმაც თქვა დღეს დილით, ის, რომ ექვსი ახალი შემთხვევა, როგორც რიცხვი, ეს კი არ არის საგანგაშო, არამედ საგანგაშო არის, რომ არა ერთი მათგანის შემთხვევში, ჩვენ ჯერჯერობით ვერ მივაგენით პირველ წყაროს, საიდანაც ეს ადამიანები არიან დაავადებული.

დაკეტვის ან გამკაცრების ღონისძიებებზე დღეს, რა თქმა უნდა, საუბარი არ არის. ჩვენ უბრალოდ ვეუბნებით საზოგადოებას, რომ მაქსიმალური გონიერება და სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ არ დაავადდეთ ამ ვირუსით, ვინაიდან წყაროების მიგნება კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მრავალგზის ვიტყვი, ჯერ რამდენიმე შემთხვევაში არის შეუძლებელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.