თეა წულუკიანი - ჩვენი გუნდის მიზანი ვერ იქნება, „ნაციონალური მოძრაობა“ შევაერთოთ რაღაც ტიპის ჟანგბადზე და მან ყველაფრის ფასად იცოცხლოს
თეა წულუკიანი - ჩვენი გუნდის მიზანი ვერ იქნება, „ნაციონალური მოძრაობა“ შევაერთოთ რაღაც ტიპის ჟანგბადზე და მან ყველაფრის ფასად იცოცხლოს

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ლეგიტიმურია კითხვა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ცრუ დაპირებები, ასევე ამომრჩევლის ინტერესების საწინააღმდეგოდ პარტიის წევრების მიერ პარლამენტში შესვლასა და იქ პოლიტიკურ ოპონირებაზე უარი, ხომ არ გამოიწვევს თვითმმართველობის არჩევნებზე სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის კლებას.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი უბრალოდ ღია ტყუილებზეა გადასული, რომ ჩამოვდივარ, ჩაგიდგებით სათავეში, გიპატრონებთ, ვიქნები პოლიტიკური, რეალური ლიდერი და არა ფეიკლიდერი რაღაც დამალული ეკრანის წინ, გადმოსცემს სოციალური ქსელების მეშვეობით თავის მოსაზრებებს. სინამდვილეში ეს რეალობად არ იქცა, ასევე ისინი იღებენ ხმების დიდ ოდენობას, ეს ღიად უნდა ითქვას, რადგან რეალობა ეს არის, მიუხედავად ამისა, არ შედიან პარლამენტში და არ გვიპირისპირდებიან, პოლიტიკურ ოპონირებას არ გვიწევნ მაშინ, როდესაც მათმა ამხელა ოდენობის ამომრჩეველმა პირდაპირი ინსტრუქცია და დავალება სწორედ ამაზე მისცა. ხომ არ გამოიწვევს ეს თვითმმართველობის არჩევნებზე მათ შემთხვევაში სწორედ რეიტინგის ან ნდობის კლებას? ეს ხომ ჯერ არავინ ვიცით, მაგრამ ამ კითხვასაც აქვს არსებობის ლეგიტიმური უფლება. დაველოდოთ პასუხს მომავალ არჩევნებზე“, – განაცხადა წულუკიანმა. 

ამასთან, წულუკიანის თქმით, 8 წლის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მეტ-ნაკლებად კონსტრუქციული ურთიერთობა ჰქონდათ.

„რაც შეეხება ურთიერთობას, მე მიმაჩნია, რომ ეს 8 წელი იყო სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მეტ-ნაკლებად კონსტრუქციული ურთიერთობის წლები, ამას ჩვენი ამომრჩველი მუდმივად გვსაყვედურობდა და გვსაყვედურობს, რომ ჩვენ ვართ თანაარსებობის ან კოაბიტაციის ავტორები, რომ ეს დაუშვებელია, რომ ესენი იმსახურებდნენ იმას, რაც ჩვენ არ მივუზღვიეთ და ა.შ.

ამიტომ, ვთვლი, რომ არც თუ ისე არაკონსტრიქციული იყო ჩვენი მხრიდან მათთან დამოკიდებულება, ისინი იყვნენ პარლამენტში, იყო ერთი აჟიოტაჟი, უბედურება, ქვეყანაში ფსიქოზი მათი საპარლამენტო ცხოვრებიდან გამომდინარე, არც ჩვენ ვისხედით უსაქმოდ, ვპასუხობდით და ამ მღელვარებაში ცხოვრობდა ერი. ახლა თუ კითხვა არის ის, რომ მათ, ასე ვთქვათ, უმსგავსო ქცევებზე ან უმსგავსო ბრალდებებზე მე პასუხს არ გავცემ, მე ზუსტად ისე ვაპირებ გავცე მათ პასუხი, როგორც აქამდე. არ მგონია, რომ განსხვავებული პასუხი ექნებოდა ირაკლი კობახიძეს, მაგრამ ჩემი და ჩვენი გუნდის მიზანი ალბათ ვერ იქნება, „ნაციონალური მოძრაობა“ შევაერთოთ რაღაცა ტიპის ჟანგბადზე და მან ყველაფრის ფასად იცოცხლოს, მათ ჰყავთ თავიანთი ამომრჩეველი, სტაბილურია თუ არა ეს ამომრჩეველი შარშანდლიდან წლევანდელ არჩევნებამდე, ამას არჩევნები გვაჩვენებს, მაგრამ ბოლო არჩევნები გვაჩვენებს, რომ მათ ჰყავთ სტაბილური და მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი. შესაბამისად, მათი ვალია, სწორედ ამ ამომრჩევლის ინტერესის შესაბამისად იმოქმედონ და გადადგან ის ნაბიჯები, რაც მათ ჰგონიათ სწორი. გამარგინალდებიან ქუჩაში დგომით, გაქრებიან, შემცირდებიან, დაკნინდებიან, თუ გაძლიერდებიან, ამას გვაჩვენებს სწორედ ოქტომბრის თვე“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა „თავისუფალ ხედვაში“.