თეა წულუკიანი – ცალკე იქნება განათლებისა და მეცნიერების მიმართულება, რომლის კომპეტენციები ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია
მთავრობას ორ სამინისტროდ ჩამოყალიბების საკითხზე ჩვენს კომიტეტთან კონსულტაცია ჰქონდა. დაზუსტდა ის, რაც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დამტკიცებისას პარლამენტში განაცხადა და მას შემდეგ საიდუმლო არავისთვის არ იყო, რომ ამაზე მსჯელობა მიმდინარეობდა, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ცალკე იქნება განათლებისა და მეცნიერების მიმართულება, რომლის კომპეტენციების გაერთიანება ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„უკვე ვიცით, თუ როგორი კონტურები შეიძლება ჰქონდეს ორ სამინისტროს – განათლება და მეცნიერება ცალკე იქნება, რაც უზარმაზარი პორტფელია და კომპეტენციები ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. მეორე მხრივ, იქნება კულტურისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რაც კულტურისა და სპორტის კომპეტენციების გაერთიანებას გულისხმობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე: „შეთავაზების შემთხვევაში, დაეთანხმება თუ არა კულტურის მინისტრობას“, წულუკიანმა უპასუხა:
„თუ შემომთავაზებენ, ჯერ თქვენ გაგაგებინებთ და რა რჩევასაც მომცემთ, ისე მოვიქცევი“, – განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ განათლების სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულება ერთ სამინისტროში გაერთიანდება.