თეა წულუკიანი - ბატონო ზურაბ ჭიაბერაშვილო, ანდროპოვის ყურებთან გვაზეიმეთ წაგებული ომი, როდესაც ტერიტორიები დაკარგეთ დამატებით

ანდროპოვის ყურებთან გვაზეიმეთ წაგებული ომი, თქვენი და თქვენი მთავარსარდლის მატრაკვეცობით დააკარგინეთ ამ ქვეყანას ტერიტორიები, – ასე მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

თეა წულუკიანის განცხადებით, რუსეთთან ბრძოლა ხდება კანონით, ჭკუით, თანმიმდევრობითა და სერიოზულობით და არა კედლებზე სტიკერების გაკვრით.

„თქვენ არ მოგწონთ, როდესაც მე თქვენ პოლიტიკურ რიტორიკაში მოგყვებით, ვერ მიხილავთ თქვენ წინაშე დაბეჩავებულს, ხმააკანკალებულს, თავის მართლების რეჟიმში და კარგია, რომ ღამე გიმეცადინიათ ბატონო ზურაბ ჭიაბერაშვილო და აქ თავს იმართლებდით ათი წუთი. თავს იმართლებდა ყველა, რომ რუსეთთან თქვენ 2011 წელს დავა საბოლოო გადაწყვეტილებით წააგეთ. გიგა ბოკერიამ გუშინ მითხრა, მოგიტან რეცეპტს, როგორ შეატრიალო ეს დავაო, მაშინ, როცა ვუთხარი, რომ მე მაქვს ჩემი სტრატეგია. სამარცხვინო მარცხებით იყო თქვენი პოლიტიკური კარიერა სავსე, როცა ანდროპოვის ყურებთან გვაზეიმეთ წაგებული ომი, როდესაც ტერიტორიები დაკარგეთ დამატებით და ესეც პოზიტიურად შეგვიფუთეთ და გვითხარით, რომ უჰ, რამდენი ტერიტორია დაგვიკარგავს, რა კარგია, ამით მაინც ხომ გაგვიცნო რუსეთმაო. სწორედ ეს არის, ბატონო ზურაბ ჭიაბერაშვილო, როგორც თქვენ გუშინ სიტყვა იხმარეთ, მატრაკვეცობა. ამ თქვენი მთავარსარდლისა და თქვენი ყველას მატრაკვეცობით დააკარგინეთ ამ ქვეყანას ტერიტორიები. სტიკერების კედლებზე გაკვრით კი არ ხდება რუსეთთან ბრძოლა, ხდება კანონით, ჭკუით, თანმიმდევრობითა და სერიოზულობით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.