თეა წულუკიანი - არავითარი ექსპონატების და კოლექციების დაშლაზე არ იქნება საუბარი, ყველა ექსპონატი დარჩება მუზეუმში
თეა წულუკიანი - არავითარი ექსპონატების და კოლექციების დაშლაზე არ იქნება საუბარი, ყველა ექსპონატი დარჩება მუზეუმში

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი საფრთხის ქვეშაა და კვლევა აჩვენებს, რომ შენობამ შესაძლოა, მცირე მიწისძვრასაც ვერ გაუძლოს.

მისივე თქმით, ახლა პირველი რიგის ამოცანა ექსპონატების გადარჩენაა. წულუკიანი აღნიშნავს, რომ ყველა ექსპონატი მხოლოდ მუზეუმში დარჩება.

„სიღრმისეული კვლევა აჩვენებს, რომ საკმარისია თბილისში მოხდეს პატარა მიწისძვრა და შეიძლება, უბედურებით დამთავრდეს ექსპონატებისთვის და იქ მყოფი თანამშრომლებისთვის ეს ბიძგი. ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი ფლიგელი, რომელიც ესტაკადის მხარეს არის, არის უკვე გადაქცეული და ექსპერტები ამბობენ, რომ ვერ გადარჩება. მეორე ფლიგელის აღდგენაზე შეიძლება ვიფიქროთ, თუ ამისთვის გვექნება სახსრები და კონსტრუქტორები გვეტყვიან, რომ ამის პროექტის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ ეს არის მეორე რიგის ამოცანა. პირველი რიგის ამოცანა არის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ექსპონატები. არავითარი ექსპონატების და კოლექციების დაშლაზე არ იქნება საუბარი, მხოლოდ მუზეუმში დარჩება ყველა ექსპონატი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, დღეს კულტურის სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამინისტროს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის დანგრევა სურს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტრო აპირებს მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების გადარჩენას და არა მუზეუმის დემონტაჟს.