თეა წულუკიანი - არავინ არსად არ მიდის, გიორგი გახარია, როგორც პრემიერ-მინისტრი, ჩვენს გუნდს მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე
თეა წულუკიანი - არავინ არსად არ მიდის, გიორგი გახარია, როგორც პრემიერ-მინისტრი, ჩვენს გუნდს მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე

არავინ არსად არ მიდის, გიორგი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს, როგორც პრემიერ-მინისტრი, მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ფეიკნიუსი უწოდა და აღნიშნა, რომ ფეიკნიუსები მის შესახებაც ვრცელდებოდა.

„ყალბი ინფორმაცია, ანუ ე.წ ფეიკნიუსი გახდა ბოლო დღეებში სამწუხაროდ, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს, ძველი დემოკრატიის ქვეყნების პრობლემა, რომელიც საბოლოო ჯამში დემოკრატიას ემუქრება. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვისმენდით ყალბ ინფორმაციას, თითქოს წულუკიანი მიდის საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს არის ფეიკნიუსი. შემდეგ ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს წულუკიანი მიდიოდა პარლამენტის თავმჯდომარედ, ესეც არის ფეიკნიუსი, ანუ ყალბი ინფორმაცია. გუშინ კი, უკვე ვიხილეთ ოპოზიციისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით შექმნილი მორიგი ფეიკნიუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით.  ესეც არის ყალბი ინფორმაცია. არავინ არსად არ მიდის. გიორგი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს, როგორც პრემიერ-მინისტრი მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე იმ არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება. ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ. ეს იქნება გუნდი, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას დაამარცხებს, არა მხოლოდ როგორც უვიზო რეჟიმი მოვიტანეთ, მოიტანს უფრო მეტ ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ეს იქნება სახელისუფლებო გუნდი მთავრობაში, პარლამენტში, რომელიც კიდევ ერთხელ გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებით დაამარცხებს იმ სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ჰქვია ფეიკნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან.

დატოვე კომენტარი