თეა წულუკიანი - არ ვიცი, არესტოვიჩს დიპლომატურ-კულტურული, თუ ცოტა სხვანაირი პასუხი ეკუთვნის, სჯობს, უკრაინის იმ მაღალჩინოსნებმა, რომლებიც ქართველი ერისთვის ჭკუის დარიგებით არიან დაკავებული, უკრაინელ ხალხს მიხედონ 
თეა წულუკიანი - არ ვიცი, არესტოვიჩს დიპლომატურ-კულტურული, თუ ცოტა სხვანაირი პასუხი ეკუთვნის, სჯობს, უკრაინის იმ მაღალჩინოსნებმა, რომლებიც ქართველი ერისთვის ჭკუის დარიგებით არიან დაკავებული, უკრაინელ ხალხს მიხედონ 

არ ვიცი, არესტოვიჩს დიპლომატურ-კულტურული, თუ ცოტა სხვანაირი პასუხი ეკუთვნის, სჯობს, უკრაინის იმ მაღალჩინოსნებმა, რომლებიც ქართველი ერისთვის ჭკუის დარიგებით არიან დაკავებული, უკრაინელ ხალხს მიხედონ, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, საქართველო უკრაინაში გაგზავნილი მხარდაჭერისა თუ აქ მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად ყველაფერს აკეთებს.

„მე არ ვიცი, ამას დიპლომატურ-კულტურული, ცოტა სხვანაირი პასუხი ეკუთვნის, თუ რა ეკუთვნის, რადგან გამაოგნებელია ასეთი განცხადებები მაღალი ჩინის მქონე თანამდებობის პირის მხრიდან, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა. ალბათ სჯობს, უკრაინის მაღალჩინოსნებმა მიხედონ უკრაინელ ხალხს, რომელიც უმძიმეს ვითარებაშია, განსაცდელშია. ჩვენი მხრიდან, რაც ჩვენს ხელთ იყო და არის, ყველაფერს ვაკეთებთ, როგორც უკრაინაში გაგზავნილი მხარდაჭერის, თუ აქ მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, უკრაინელ ხალხზე, ბავშვებზე, მოხუცებზე, ქალებზე იზრუნონ სწორედ იმ მაღალჩინოსნებმა, უკრაინელებმა, რომლებიც დღენიადაგ ქართველი ერისთვის ჭკუის დარიგებით არიან დაკავებული.

ჩვენ, რა თქმა უნდა, თმენის გარკვეული ვალდებულება გვაქვს, რადგან უკრაინაში ომია, მაგრამ ასევე ვალდებულება გვაქვს ჩვენი ხალხის წინაშე. პირველი ვალდებულება, რომელსაც ჩვენ პირნათლად ვასრულებთ და მომავალშიც შევასრულებთ, არის ის, რომ ზოგიერთი უკრაინელი ვითომ მეგობრის სურვილის საწინააღმდეგოდ, ამ ქვეყანაში არასდროს ატყდება ომი. ჩვენ არასდროს, რაც არ უნდა სურდეთ მათ, არ გავისვრით და ამ ქვეყანაში გაგრძელდება ის მშვიდობიანობა და სტაბილურობა, რაც დღევანდელი მთავრობის, პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტისა და ზოგადად ამ პოლიტიკური ძალის, „ქართული ოცნების“ ძალისხმევით რთულად, მაგრამ ხერხდება, ასეც გაგრძელდება. დასანანია ეს ყველაფერი, მაგრამ უფრო მწვავე განცხადებებისგან მაინც ალბათ სჯობს, თავი შევიკავო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში“.