თეა წულუკიანი - ამერიკამ ქართულ ოპოზიციას და საზოგადოებას ცალსახად უთხრა, რომ „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან დღემდე არის მკაფიოდ პროდასავლურ კურსზე და მისთვის არასდროს გადაუხვევია
თეა წულუკიანი - ამერიკამ ქართულ ოპოზიციას და საზოგადოებას ცალსახად უთხრა, რომ „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან დღემდე არის მკაფიოდ პროდასავლურ კურსზე და მისთვის არასდროს გადაუხვევია

ამერიკულმა მხარემ ქართულ ოპოზიციას და ჩვენს საზოგადოებას უთხრა ცალსახად, რომ „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან დღემდე არის მკაფიოდ პროდასავლურ კურსზე და მისთვის არასდროს გადაუხვევია. ასევე, აშშ-ის პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ეყრდნობა ეუთო/ოდირის შეფასებებს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, ამერიკულმა მხარემ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ და საქმიანობის იქ გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„მინდა, გამოვეხმაურო აშშ-ის სენატში გუშინ განვითარებული მოსმენების პროცესს, რომელიც ჩვენს ქვეყანას და აქ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეეხებოდა. თუ ვიქნებით ობიექტურები და თვალს არ დავხუჭავთ რეალობაზე, რამდენიმე რამ ნათელია. ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ქართულ ოპოზიციას მკაფიო გზავნილები გამოუგზავნა და რა თქმა უნდა, გარკვეული რჩევები მოგვცა ჩვენც. მკაფიო გზავნილები ქართული ოპოზიციისადმი იყო შემდეგი: ამერიკულმა მხარემ ქართულ ოპოზიციას და ჩვენს საზოგადოებას უთხრა ცალსახად, რომ „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან დღემდე არის მკაფიოდ პროდასავლურ კურსზე და მისთვის არასდროს გადაუხვევია. ასევე, აშშ-ის პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ეყრდნობა ეუთო/ოდირის შეფასებებს. ეუთო/ოდირისა და ყველა სხვა დამკვირვებლის შეფასებით, 31 ოქტომბრის არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარებული, იყო კონკურენტული და აკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტს. ეს ითქვა ამერიკული მხარის მიერ. თუ არ გვინდა, ვიყოთ ბრმები, დავინახოთ რეალობა, ეს ნამდვილად ასეა“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია ამერიკული მხარის მოსაზრებებს გაიზიარებს.

„ასევე, ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ჩვენს ოპოზიციას უთხრა ის, რაც არის ჩვენი დემოკრატიული პროცესისთვის მნიშვნელოვანი. მათ უთხრა, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს. იმედი მაქვს, ქართული ოპოზიცია ამას სწორედ ასე გააკეთებს, რადგან როგორც ამერიკელებმა ოპოზიციას უთხრეს, მათი პარლამენტში არშესვლა პირდაპირ ასხამს რუსულ წისქვილზე წყალს. მინდა ქართულ ოპოზიციას, განსაკუთრებით ზოგიერთ მათგანს შევახსენო, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებულ ქვეყანაში, ამიტომ გვევალება, რომ ვიზრუნოთ სწორედ ჩვენს ქვეყანაზე და არ ვიყოთ უნებლიეთ რუსული ინტერესების გამტარებელი, რადგან ოპოზიციის ფუნქცია არ არის ქვეყანაში არეულობის გამოწვევის მცდელობა და ამით რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ნიკა მელიას შესახებ და აღნიშნა, რომ ამერიკული მხარის პოზიციის მიხედვით, ნიკა მელია ციხეში ზის, რადგან კანონი დაარღვია.

„ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ბატონი ნიკა მელია, ვინაიდან დაარღვია კანონი, ზის ციხეში. იმედი მაქვს, ქართული ოპოზიციური სპექტრი ამ გზავნილებს სწორად, კარგად გაიგებს და ჩვენ ძალიან მალე შეგვეძლება, ვიმუშაოთ ერთად პარლამენტში და როგორც მინისტრს, მქონდეს შესაძლებლობა, რომ უკვე ოპოზიციონერი პარლამენტარების მოსაზრებები, თუნდაც კრიტიკა, მოვისმინო და შევძლო ვუპასუხო კითხვებს“, – განაცხადა წულუკიანმა.