თეა წულუკიანი - ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას, რათა სტრასბურგში დავის ფარგლებში მომავალ თაობებს შევძინოთ სამართლებრივი დოკუმენტი მიმდინარე ოკუპაციის, ქართველების ეთნიკური წმენდის შესახებ
თეა წულუკიანი - ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას, რათა სტრასბურგში დავის ფარგლებში მომავალ თაობებს შევძინოთ სამართლებრივი დოკუმენტი მიმდინარე ოკუპაციის, ქართველების ეთნიკური წმენდის შესახებ

აგვისტოს ომი არის ის ტრაგიკული მოვლენა, რომლის შედეგებსაც ჩვენი ქვეყანა დღეს კვლავ იმკის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განუცხადა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველების ეთნიკურ წმენდასა და უფლებების დარღვევაზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას მალე გამოაქვეყნებს.

„აგვისტოს ომი არის ის ტრაგიკული მოვლენა, რომლის შედეგებსაც ჩვენი ქვეყანა დღეს კვლავ იმკის. ჩვენი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია. პირველ რიგში, ეს ის დღეებია, როდესაც ვიხსენებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დაკარგა სიცოცხლე და სამშობლოს შეეწირა, მათ ოჯახებს ვუსამძიმრებთ და ვამბობთ, რომ ეს ადამიანები არასდროს არ იქნებიან დავიწყებულები. საქართველო აგრძელებს ბრძოლას, ბრძოლას მშვიდობიანი მეთოდებით, ხოლო მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო და ჩვენი გუნდი ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას, რათა საქართველოს შევძინოთ არა მხოლოდ ის პოლიტიკური დოკუმენტები, რომლებიც მრავლად არსებობს არაღიარების თემაზე, არამედ ჩვენს მომავალ თაობებს შევძინოთ სამართლებრივი დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოს დავის ფარგლებში, რომელიც დაადგენს იმ რეალობას, რაც ჩვენი ცხოვრების ნაწილია: მიმდინარე ოკუპაცია, ქართველების ეთნიკური წმენდა და უფლებების დარღვევა, რაზეც ჩვენ უკვე მერამდენე წელია, ვჩივით სტრასბურგის სასამართლოში. იმედი მაქვს, რომ ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას ძალიან მალე გამოაქვეყნებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ასევე უპასუხა ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, აპირებენ თუ არა მთავრობის წარმომადგენლები გარდაცვლილთა ოჯახებისთვის მისამძიმრებას.

„თქვენ როგორ გგონიათ? ვინც ეგ კითხვა დაგაბარათ, უთხარით, რომ ძალიან ცუდი კითხვაა. სამთავრობო დღის წესრიგი ბოლო 8 წლის მანძილზე იყო ისეთი, როგორიც ეკადრება ჩვენს ქვეყანას და რა თქმა უნდა, არც ერთი 8 აგვისტო არ ყოფილა, როდესაც საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, მუნიციპალიტეტები, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა, ასევე დევნილობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არ მისულიყო და პატივი არ მიეგო, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც თავი შესწირა ჩვენს სამშობლოს და ასევე, მათი შვილებისთვის, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ მათ ჰყავდათ გმირი მამები, გმირი დედები და ისინი, ვინც მუდმივად იქნებიან ჩვენს ეროვნულ მეხსიერებაში. გესიამოვნათ ეს პასუხი?“ – უპასუხა წულუკიანმა.

 

დატოვე კომენტარი