სტრასბურგში გიგა ოთხოზორიას ოჯახის სარჩელის განხილვაში შესაძლოა, საქართველოს სახელმწიფოც ჩაერთოს
სტრასბურგში გიგა ოთხოზორიას ოჯახის სარჩელის განხილვაში შესაძლოა, საქართველოს სახელმწიფოც ჩაერთოს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გიგა ოთხოზორიას ოჯახის ინდივიდუალური სარჩელის განხილვის დაწყებას მიესალმება და ამბობს, რომ თუ პროცედურულად შესაძლებელი გახდება, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფო საქმეში ჩაერთვება.

მისივე განმარტებით, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი აქვს შეტანილი, სადაც ოთხოზორიას საქმეც შედის.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ გვაქვს სახელმწიფოთაშორისი ე.წ. ნომერ მესამე დავა სტრასბურგის სასამართლოში. ეს დავა სხვებს შორის ასევე მოიცავს ​ოთხოზორიას საქმესაც. ამიტომაც, როდესაც პროცედურულად დადგება ის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ვიყოთ ასევე ამ ინდივიდუალურ საქმეში ჩართულები თუ არა და ამის შესაძლებლობას პროცედურის მიხედვით დადგენილ დროს სტრასბურგის სასამართლო მოგვცემს, რა თქმა უნდა ისეთი გადაწვეტილება იქნება პროცედურულად მიღებული, რომელიც ყველაზე მეტად იმ მომენტში უპასუხებს ქართული სახელმწიფოს ინტერესს და ჩვენი სამართლებრივი დავის სტრატეგიას. მივესალმები, რომ ამ საქმის განხილვა უკვე დაიწყო და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მესამე სახელმწიფოთაშორისი საქმის განხილვაც ძალიან მალე დაიწყება სტრასბურგის სასამართლოს მიერ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა. ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ოჯახის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს.