თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ერთ-ერთი პირი ძებნილია
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ერთ-ერთი პირი ძებნილია

წინა ორი შეწყალებისგან განსხვავებით, მარიამობის შეწყალებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროს შორის კონტაქტი არ შემდგარა და ჩვენ პირდაპირ მივიღეთ პრეზიდენტის ხელმოწერილი აქტი, რის შემდეგაც, 24-დან 23 პირი საპატიმროდან გათავისუფლდა, ხოლო ერთი ვერ გათავისუფლდებოდა, რადგან ის დღესაც ძებნილია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა არის ამ ძებნილის დანაშაული და შეუძლია თუ არა მას, ამ ადამიანის გვარი თქვას, წულუკიანმა აღნიშნა, რომ დანაშაული იყო მითვისება-გაფლანგვა, ხოლო რაც შეეხება გვარს, ეს პერსონალური მონაცემია და მას ვერ დაასახელებს.

„თუ სწორად მახსოვს, ეს მითვისება-გაფლანგვა უნდა იყოს. ეს ადამიანი დაახლოებით, 2009-2010 წლებიდან არის გაუჩინარებული და ძებნილია. რაც შეეხება გვარს, ეს პერსონალური მონაცემია და ვერ დავასახელებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ძალიან მეშინია. ეს კანონით აკრძალულია და ამ ადამიანის ნებართვაა საჭირო იმისთვის, რომ გვარი გავამჟღავნო. რეალურად, იმ 24 მსჯავრდებულიდან უფრო მეტი იქნა შეწყალებული, მაგრამ დანარჩენები პრობაციონერები იყვნენ და ამიტომ, მათზე დღეს არ მისაუბრია“, – განაცხადა წულუკიანმა.

შეკითხვაზე, არის თუ არა ეს პიროვნება პოლიტიკური ფიგურა, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არ აქვს. 

„არა მგონია. ყოველ შემთხვევაში, ასეთი თვალშისაცემი გვარი არ იყო და ვერ გეტყვით“, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შეწყალების უფლება ულიმიტო და უსაზღვრო ვერ იქნება, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ სამწუხარო შედეგებამდე მივალთ, როგორამდეც მარიამობის შეწყალებაზე მივედით, როდესაც მკვლელობის მუხლით სამი ადამიანი იქნა შეწყალებული.

„დღეს, 2019 წელს, რა თქმა უნდა, არ ვცხოვრობთ ასლან აბაშიძის ბათუმში, რომ პრეზიდენტმა პატიმარი შეიწყალოს და იუსტიციის სამინისტრომ, როგორც მაშინ მოხდა, ასანიძეს ციხის კარი არ გაუღოს. როდესაც ჩვენ პრეზიდენტის შეწყალების აქტს ვღებულობთ, რა თქმა უნდა, ვაღებთ ციხის კარს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ის, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით რეფორმა საჭიროა, საქართველოს პრეზიდენტთან პირადად მას, პრეზიდენტის ინიციატივით, რამდენჯერმე ჰქონდა საუბარი.

„არა მხოლოდ პარლამენტის ტრიბუნიდან, არამედ ჩვენთან საუბარშიც, მისი მხრიდან პირველი დღიდანვე ისმოდა, რომ ეს სისტემა რეფორმას საჭიროებს. ალბათ, ყველანი ვთანხმდებით, რომ ხარვეზები არის. პროცედურა არც თუ ისე გამჭვირვალეა. პრეზიდენტი თვლიდა, რომ კომისიის შემადგენლობა გადასახედი იყო. მან ამის შესახებ პარლამენტშიც განაცხადა და შეწყალების ნამდვილად ქმედითი კომისიაა საჭირო. სალომე ზურაბიშვილმა მარგველაშვილის დროინდელი კომისია იანვარში გააუქმა და მას შემდეგ კომისია არ არსებობს“, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეფორმამდე, ის ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების გათავისუფლებაზე უფრო იზრუნებდა, ვიდრე იმათზე, ვინც სიცოცხლე მოსპო და სასჯელის შესაბამისი ხანგრძლივობა არ მოუხდია.

„თუმცა, ჩემი პოზიცია არ არის ისეთი აბსოლუტური და დრაკონული, როგორიც შეიძლება, სხვა პირების იყოს, რომ თუ ადამიანმა ადამიანი მოკლა, ის დღის შუქზე არასდროს არ უნდა გამოვიდეს და 20-40 წლის გასვლის შემდეგაც ციხეში უნდა იჯდეს დაკეტილი. ეს ჩემი პოზიცია არ არის, მაგრამ როდესაც ადამიანმა სიცოცხლე მოსპო, მხოლოდ ერთი-ორი წელი მოიხადოს და გარეთ, ქუჩაში სიარული დაიწყოს, რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებისთვის მძიმე ასატანია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.