თეა წულუკიანი 5-6 ივლისის მოვლენებზე - სახელმწიფოს რა ვალდებულებებიც ჰქონდა, ვფიქრობ, პოლიციამ შეძლო შეუძლებელი, როდესაც თავისი ძალებით დაიცვა არაერთი მოქალაქე
თეა წულუკიანი 5-6 ივლისის მოვლენებზე - სახელმწიფოს რა ვალდებულებებიც ჰქონდა, ვფიქრობ, პოლიციამ შეძლო შეუძლებელი, როდესაც თავისი ძალებით დაიცვა არაერთი მოქალაქე

სახელმწიფოს რა ვალდებულებებიც ჰქონდა, პოლიციამ შეძლო, მე ვფიქრობ, შეუძლებელი, როდესაც თავისი ძალებით დაიცვა არაერთი მოქალაქე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, ლგბტ თემს, ალბათ ჰქონდა კიდეც სურვილი, რომ პრემიერის მოწოდება გაეზიარებინა, მაგრამ ამ მოვლენების უკან დგას ბინძური პოლიტიკური ძალები.

„მეც ვიცნობ ადამიანებს, მათ შორის, არასრულწლოვნებს, ვინც, პოლიცია რომ არ გადაფარებოდა, ალბათ სავალალო შედეგით დასრულდებოდა და მადლობა მათ ამისთვის. იყო ძალიან ბევრი შემთხვევა, სადაც პოლიცია, უბრალოდ, ვერ გაწვდა ძალადობის იმ მასშტაბს, რაც იყო. ამიტომ გააკეთა 5 ივლისს პრემიერმა განცხადება იმისკენ, რომ თავი შეეკავებინათ რუსთაველის გამზირზე აღლუმისგან. თუმცა, მე, ჩემი აზრით, ვიცნობ რა, ადამიანის უფლებების სამართალს და ამ სფეროს, ვფიქრობ ძალიან კარგად, მაქვს ეჭვი, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ეხებოდა, ლგბტ თემს, ალბათ ჰქონდა კიდეც სურვილი, რომ პრემიერის ეს მოწოდება, პოლიციასთან ისინი თანამშრომლობენ, როდესაც ადგილს არჩევენ ხოლმე უსაფრთხოს, გაეზიარებინა, მაგრამ მათ უკან, ამ მოვლენების უკან დგას ის ბინძური პოლიტიკური ძალები, რომელსაც ზოგიერთი ტელეარხიც კარგად უფითილებს, ეს გწყინთ, მაგრამ ეს რეალობაა და მოხდა ის, რაც მოხდა. ამიტომაც მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ. ამიტომაც, თქვენ, მედიას მოგიწოდებთ რეალობის გაშუქებისკენ“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მისივე განცხადებით, იმის ძახილი, რომ ოპერატორი მოკლა მთავრობამ, არის სირცხვილი.

„მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ იმის ძახილი, რომ თქვენი კოლეგა ოპერატორი მოკლა მთავრობამ. ამის თქმა არის სირცხვილი. ამიტომაც მოგიწოდებთ, იმ გაუგონარი მოწოდებების ტირაჟირების ნაცვლად, რომ თურმე ილია მეორე უნდა ჩაჯდეს ციხეში, ამის ნაცვლად დავკავდეთ რეალური ინფორმაციის ტირაჟირებით. ჩვენს ქვეყანაში, არავითარი პრობლემა არ არსებობს იმისა, რომ მთავრობამ დაიცვას ყველას უფლება, მაგრამ ამაში, მთავრობას, რა თქმა უნდა, ხელშეწყობა სჭირდება და პირველ რიგში, მედიის მხრიდან, იმისათვის, რომ ჩვენ ვიმუშაოთ ერთად და შევქმნათ ის საზოგადოება, რომელიც ქვეყნის ჯანჯღარისა და ჩამოქცევისკენ კი არ არის მოწოდებული, არამედ მოწოდებულია იმისკენ, რომ ამ ქვეყანაში, ყველას, უმრავლესობას, უმცირესობას, ნებისმიერი ნიშნით, ჰქონდეს თავისი სრულფასოვანი განვითარების საშუალება. სწორედ ეს ხელისუფლებაა, ვინც ჩვენს ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო და არაერთი რეფორმა გაატარა იმისთვის, რომ დაუცველი ჯგუფები, იქნებოდა ეს ქალი, ბავშვი, თუ გენდერული ნიშნით სხვადასხვა ჯგუფები, ყოფილიყვნენ უფრო მეტად დაცულები. ამიტომ, დავანებოთ სახელმწიფოს და მთავრობის ჩამოქცევის მცდელობებს თავი, რადგან ეს მცდელობები დამთავრდება უშედეგოდ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.