თეა წულუკიანი - 2013 წლიდან დღემდე სტრასბურგის სასამართლოში 700-ზე მეტი მტკიცებულება წარვადგინეთ, რათა გვეჩვენებინა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო
თეა წულუკიანი - 2013 წლიდან დღემდე სტრასბურგის სასამართლოში 700-ზე მეტი მტკიცებულება წარვადგინეთ, რათა გვეჩვენებინა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო

2013 წლიდან დღემდე 700-ზე მეტი მტკიცებულება წარვადგინეთ, რათა გვეჩვენებინა, რომ სწორედ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი და 1990-იანი წლებიდან დაწყებული, რუსეთი ახორციელებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს მისი უწყების საქმიანობის შედეგები გააცნო.

მისი თქმით, ქვეყნისთვის სასიცოცხლო სახელმწიფოთაშორის დავაზე, აგვისტოს ომის თემაზე დავა სტრასბურგის სასამართლოში გრძელდება.

„გასული წლის მაისში ჩვენ გვქონდა ბოლო, ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა და დაპირისპირება ევროპული კონვენციის ნორმების ფარგლებში რუსეთთან სტრასბურგის სასამართლოში. მინდა, დეპუტატებს მოვახსენო ის მტკიცებულებები, რომლებიც ჩვენ ამ ბოლო სხდომაზე კიდევ დამატებით წარვადგინეთ, რათა გვეჩვენებინა, რომ სწორედ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი.

1990-იანი წლებიდან დაწყებული, სწორედ რუსეთი ახორციელებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს − იქნება ეს ჯარების განთავსება, სამხედრო ბაზების მშენებლობა, მნიშვნელოვანი თანამდებობის პირების დანიშვნა, მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება, მოქალაქეობის მასობრივი მინიჭება პასპორტიზაციის გზით, რუსეთის კანონმდებლობის გამოყენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე; პუტინის 2012 წლის საჯარო ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთს ჰქონდა წინასწარ შემუშავებული გეგმა და რომ ამ გეგმის მიხედვით ხდებოდა ოსი ე.წ. სამხედროების გადამზადება და შეიარაღება;

ამასთან, კოკოითის 2016 წლის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთი, ფაქტობრივად, უკვე რუსეთის სუბიექტია; ინფორმაცია რამდენიმე რუსი პირის სამშობლოს ღალატისთვის გასამართლების შესახებ, რომლებმაც გააჟღერეს ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარები ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში 2008 წლის აგვისტომდე დიდი ხნით ადრე იყვნენ; სატელეფონო მიყურადებები, რომლებითაც დასტურდება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები 7 აგვისტოს დილას როკის გვირაბში შემოვიდნენ; 7 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული რელიზი, რომ რუსები შემოდიან როკის გვირაბიდან და ვითხოვთ ეუთო-ს მონიტორინგის შეშვებას;

საჰაერო რადარის 7-12 აგვისტოს მონაცემები, საიდანაც ჩანს, რომ რუსები სრულად აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს; ასევე, მტკიცებულებები, რომელთა თანახმადაც, ჩვენ ვამტკიცებთ დოკუმენტურად და არა პოლიტიკური განცხადებების დონეზე, რომ სწორედ რუსეთი დაესხა საქართველოს თავს. 700-ზე მეტი მტკიცებულება, მათ შორის, ვიდეო და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტთა დასკვნები, სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, სეისმური სადგურების მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, განაღმვის ანგარიშები და სხვა; მრავალი რუსული, ასევე, ქართული, მაგრამ რუსული უფრო წონადი მტკიცებულებაა, რუსული ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციები, რომლებიც მათივე საზიანოა. ეს ყველაფერი წარდგენილია. ჩვენ ველოდებით წელს და პესიმისტურ სცენარში გაისად, რომ ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო ჩვენს სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს. ჩვენ ეს გამოგვადგება, ასევე, ჰააგის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გამოძიების საქმეზე“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.