თეა წულუკიანი - 12-პუნქტიანი გეგმის შედეგად, ოპოზიცია ხედავდა არაკანონიერი მეთოდებით ხელისუფლების სადავეებიდან ჩამოშორებას, ჩვენი მიზანი კი არის ევროკავშირის გზაზე უფრო წარმატებული სიარული
თეა წულუკიანი - 12-პუნქტიანი გეგმის შედეგად, ოპოზიცია ხედავდა არაკანონიერი მეთოდებით ხელისუფლების სადავეებიდან ჩამოშორებას, ჩვენი მიზანი კი არის ევროკავშირის გზაზე უფრო წარმატებული სიარული

საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სასიხარულოა, რომ ხდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ინიცირება და დარწმუნებულია, ევროპა მიესალმება ამ ინიციატივას.

წულუკიანის თქმით, „ქართული ოცნება“ 12-პუნქტიან გეგმას ასრულებს.

„სასიხარულოა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ინიცირება ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ჯერ ამას ითხოვდა, შემდეგ გადაიფიქრა და აღარ ითხოვს. ჩვენი მიმართულება უცვლელია, ეს კანონი ქვეყანას ნამდვილად სჭირდება, დიდი იმედი მაქვს, იქნება კიდეც მიღებული. რასაკვირველია, ეს კანონი ვისაც შეეხება, ამასაც დავინახავთ უკვე შემდეგ კანონის გამოყენების პროცესში. ევროპა უნდა მიესალმოს და დარწმუნებული ვარ, მიესალმება ამ ინიციატივას, რადგან მათ მიერ 12-პუნქტიან გეგმაში ეს ერთ-ერთი პუნქტია. ჩვენ ვასრულებთ 12-პუნქტიან გეგმას, მათ შორის ამასაც და თუკი ვინმეს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ოპოზიციას, ზოგიერთ დესტრუქციულ ნაწილს, ჰქონდა სხვა იმედები და ეს იმედები გაუცრუვდათ, მათი პრობლემაა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შედეგად, ოპოზიცია ხედავდა სადავეებიდან ხელისუფლების ჩამოშორებას არაკანონიერი მეთოდებით, ჩვენ კი სხვა მიზანი გვაქვს 12-პუნქტიანი გეგმისა – ეს არის ევროკავშირისკენ გზაზე უფრო წარმატებული და სწრაფი სიარული ქართველი ერისა, რომელმაც თავისი ევროპული არჩევანი მრავალი საუკუნის წინ გააკეთა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.