თეა ფირანიშვილი - დღემდე არ არის ცნობილი, რამდენი მარტოხელა მშობელია ქვეყანაში
თეა ფირანიშვილი - დღემდე არ არის ცნობილი, რამდენი მარტოხელა მშობელია ქვეყანაში

არ არსებობს აღრიცხვის ერთიანი ბაზა და დღემდე არ არის ცნობილი, ქვეყანაში რამდენი მარტოხელა მშობელია, – ამის შესახებ „მარტოხელა დედათა და ბავშთა დაცვის ასოციაციის“ პრეზიდენტმა, თეა ფირანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მარტოხელა მშობლის სტატუსთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ბევრი ხარვეზი არსებობს. სტატისტიკა არ გვაქვს და არ ვიცით, რამდენი ადამიანია მარტოხელა მშობელი. ვინც მუშაობს, სტატუსს იღებს, მაგრამ ვინც არ მუშაობს, თავს არ იწუხებს და მარტოხელა დედის სტატუსის ცნობის ასაღებად არ მიდის, რადგან სახელმწიფოსგან არავითარი დახმარება არ აქვს“, – განაცხადა ფირანიშვილმა.

მისი თქმით, აუცილებელია, მარტოხელა მამის სტატუსიც არსებობდეს.

„ადრე, მარტოხელა დედის სტატუსი არსებობდა და საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ არსებობს მარტოხელა მშობლის სტატუსი. რა დააშავა მამამ, რომელიც შვილებს მარტო ზრდის?! პრიორიტეტად უნდა იქცეს მამაც, რომელსაც კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, როცა ბავშვს მარტო ზრდის და მარტოხელა მშობელი, როგორც მამაც უნდა განისაზღვროს“, – განაცხადა თეა ფირანიშვილმა. 

როგორც „მარტოხელა დედათა და ბავშთა დაცვის ასოციაციის“ პრეზიდენტმა აღნიშნა, მარტოხელა მშობლის მიმართ სახელმწიფომ და ბიზნესსექტორმა სოციალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„ძალიან მიხარია, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და ორმა კომპანიამ ჩემს ორგანიზაციაში გაწევრიანებული სამი მარტოხელა დედა უკვე დაასაქმა. გვინდა, ამ ადამიანებმა თვითრეალიზება მოახდინონ და სხვისი ხელის შემყურე არ იყვნენ“, – განაცხადა თეა ფირანიშვილმა.